Marca: მბაპეს სადაც ეტყვიან იქ ითამაშებს - ის გუნდში ატმოსფეროს არ გააფუჭებს
კილიან მბაპეს შეძენის შემდეგ, იყო ეჭვები, რომ ფრანგი „რეალში“ სიტუაციას არევდა, რადგან მას სასურველ პოზიციაზე თამაში სურს, როგორც ეს პსჟ-ში და საფრანგეთის ნაკრებში გააკეთა, თუმცა Marca წერს, რომ „სამეფო კლუბში“ მსგავსი არაფერი იქნება.
წყაროს ცნობით, კლუბი დარწმუნებულია, რომ მბაპეს ტრანსფერი გააძლიერებს გუნდს და არ დაარღვევს ატმოსფეროს გასახდელში.
„რეალის" წარმომადგენლებთან საუბრისას მბაპე ამტკიცებდა, რომ არ მოითხოვდა გარკვეულ პოზიციაზე თამაშს და თქვა, რომ მისთვის მთავარი მადრიდულ კლუბში თამაში და მასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შესაძლებლობა იყო.
ფლორენტინო პერესი თვლის, რომ მბაპეს გაფორმება გუნდს სპორტული თვალსაზრისით სრულყოფილებასთან" დააახლოებს. მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ გუნდში მბაპეს შესაფერის როლს იპოვის.
შეგახსენებთ, რომ „სამეფო კლუბმა“ მბაპეს ტრანსფერი ოფიციალურად 3 ივნისს დაადასტურა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კილიანის პრეზენტაცია ევრო 2024-ის შემდეგ გაიმართება.