ყოფილი თავდამსხმელი: “ხვიჩა ლუკაკუს უკან ვერ ითამაშებს“
როგორც მოგეხსენებათ, ანტონიო კონტემ ნაპოლი ჩაიბარა და პარტენოპეის შემდეგ სეზონში უხელმძღვანელებს.
ტრანსფერების კუთხით, ნაპოლის ირგვლივ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. საქმე ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენს და რომელუ ლუკაკუს ეხება.
ნიგერიელს პრემიერ ლიგაში თამაში სურს, თუმცა შეთავაზება ჯერ არ აქვს. ამის პარალელურად, ქართველ შემტევს პარი სენ ჟერმენი ეპატიჟება და აურელიო დე ლაურენტისი მის დატოვებას ცდილობს. კონტეს კი ლუკაკუს გადმოყვანა სურს.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით, იტალიელმა ყოფილმა თავდამსხმელმა სიმონე ტირიბოკიმ თავისი მოსაზრება დააფიქსირა.
ტირიბოკი:
„ვიქტორ ოსიმენი და რომელუ ლუკაკუ დიდებული თავდამსხმელები არიან. ოსიმენი ფურცელზე უკეთესია, მაგრამ, თუ ის წავა ლუკაკუ მას იდეალურად შეცვლის. ასეთ შემთხვევაში სხვა პრობლემას წავაწყდებით. ბელგიელს ყოველთვის სჭირდება გვერდით ან უკან მეორე თავდამსხმელი. ხვიჩა კვარაცხელია რომელუს უკან ვერ ითამაშებს, რადგან ის მკაცრად მარცხენა ფლანგის ფეხბურთელია.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ემზადება. ჯვაროსნები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩში მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.