„დაყავი და იბატონე“ - მელა, რომელმაც ჩავი ჩამოიშორა | დეკუს ამბავი
„ბარსელონადან“ ჩავის წასვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სპორტულ დირექტორ დეკუსთან ცუდი ურთიერთობა სახელდება.
ესპანური პრესა ადრეც წერდა, რომ დეკუმ ჩავის პოზიციები შეარყია და ეტაპობრივად კლუბიდან მისი წასვლა დღის წესრიგში დააყენა. როდის და საიდან დაიწყო ყველაფერი?
დეკუ თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, სატრანსფერო პოლიტიკაზე ჩავის გავლენით უკმაყოფილო იყო.
Diario Sport-ის ცნობით, სპორტულ დირექტორსა და „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელს შორის უთანხმოება გასული წლის აგვისტოში დაიწყო. დეკუს მატეუ ალემანისთან ჩავის მჭიდრო ურთიერთობა არ მოეწონა, რომელმაც კლუბი სექტემბერში დატოვა. კერძოდ, დეკუ უკმაყოფილო იყო იმით, რომ ალემანი, მისი საქმის კურსში ჩაყენების გარეშე აწარმოებდა მოლაპარაკებებს „ვილიარეალთან“, საიდანაც ხუან ფოიტის შეძენა იგეგმებოდა.
ამის შემდეგ, დეკუ ცდილობდა ტრანსფერებზე სამწვრთნელო შტაბის გავლენა შეესუსტებინა. მან ჩავის და მის შტაბს მოლაპარაკებებისას ფეხბურთელებთან უშუალო კონტაქტი აუკრძალა.
გარდა ამისა, „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა კლუბის ფინანსური პრობლემების გამო ჩავის მოთხოვნები შემადგენლობის გაძლიერების შესახებ შეუძლებლად მიიჩნია. მაისში „ჟირონასთან“ დამარცხების შემდეგ, დეკუმ რამდენიმე მრჩეველთან ერთად, ჟოან ლაპორტას აუხსნა, რომ კლუბს მწვრთნელის შეცვლა სჭირდებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე, ეტაპობრივად, ჩავი გრძნობდა, რომ კლუბში მარტო იყო დარჩენილი. მატეუ ალემანისა და ხორდი კრუიფის წასვლის შემდეგ, მას თანამოაზრე აღარ დარჩა. ეს ყველაფერი მის საქმიანობაზეც აისახა. გასახდელში სიტუაცია აირია. მწვრთნელი თვლიდა, რომ შიგნიდან ინფორმაცია გადიოდა.
საბოლოოდ, ყველაფერი ჩავი ერნანდესის წასვლით დასრულდა. მას როგორც კლუბის აღზრდილსა და ლეგენდას, „ბლაუგრანასთვის“ პრობლემები არ შეუქმნია. ჩავიმ ნაადრევად დათხოვნის შემდეგ, ანაზღაურების სახით კონტრაქტით გათვალისწინებულ მილიონებზე უარი თქვა, რადგან „ბარსასთვის“ ისედაც ფინანსური პრობლემების ფონზე დამატებითი თავსატკივარი არ შეექმნა.
რაც შეეხება ახალი მწვრთნელის პოსტს, დეკუ ცდილობდა პრეზიდენტისთვის რამდენიმე პორტუგალიელი სპეციალისტი შეეთავაზებინა, თუმცა ამ ფრონტზე მისი პოზიციები ძლიერი ვერ იყო, რადგან ჟოან ლაპორტას თავიდანვე (ჩავის დანიშვნამდე ნაგელსმანი ან ფლიკი სურდა, თუმცა გერმანიის ნაკრებმა და ბაიერნმა აჯობა) გერმანელი სპეციალისტის მიწვევა უნდოდა.
ასევე ცნობილია, რომ დეკუ კლუბში რაფინიას, ჟოაუ ფელიქსსა და ჟოაუ კანსელუს ლობირებს. გასულ ზაფხულს ჩავის რაფინიას გაყიდვა სურდა და დემბელეს გუნდში დარჩენა, თუმცა დეკუმ ყველაფერი გააკეთა, რომ მის მიერ მიყვანილი ფეხბურთელი (რაფინია ლიდსიდან) „ბლაუგრანაში“ დარჩენილიყო.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩავის წასვლის შემდეგ, დეკუ „ბარსელონას“ სატრანსფერო პოლიტიკას სრულად აკონტროლებს.