„გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ“ - კონტე ოფიციალურად დაინიშნა
ანტონიო კონტე „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელია. იტალიელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ნეაპოლურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
„ნაპოლის“ ვებ-გვერდზე კონტეს მცირე კომენტარიც ვრცელდება.
რას ამბობს იტალიელი მწვრთნელი:
„ნაპოლი“ გლობალური მნიშვნელობის ადგილია. ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ ლურჯების გაწვრთნის იდეით. ერთი რამის დაპირება ნამდვილად შემიძლია: ყველაფერს გავაკეთებ გუნდისა და კლუბის ზრდისთვის, ეს ჩემი ვალდებულებაც იქნება. ჩემს გუნდთან ერთად ეს ტოტალური მნიშვნელობის იქნება“.
კონტეს დანიშვნის შესახებ კომენტარი „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმაც გააკეთა:
„ძალიან ამაყი ვარ იმით, რომ „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე იქნება. ანტონიო ტოპ-მწვრთნელია, ნამდვილი ლიდერი, ვისთანაც დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარუმატებელი პერიოდის დასრულების შემდეგ ახალ ეპოქას დაიწყებს. მჯერა, რომ ის იმ გზას გაიმეორებს, რომელმაც შარშან სკუდეტომდე მიგვიყვანა. იტალიური ფეხბურთის მწვერვალზე გატარებული მრავალი სეზონის შემდეგ, დღეს „ნაპოლის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი, ახალი თავი იწყება“.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ანტონიო კონტემ „ნაპოლისთან“ ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა, არაოფიციალური ინფორმაციით კი ერთ სეზონში ხელფასის სახით 7 მილიონ ევროს მიიღებს.