6 მთავარი შეკითხვა ევრო 2024-ის წინ | უეფა-მ საქართველოზეც ისაუბრა
უეფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზეა საუბარი და დასახელებულია 6 შეკითხვა, რომლებსაც პასუხი გერმანიაში გასამართ ტურნირზე გაეცემა. „ევრო 2024: 6 მთავარი შეკითხვა დიდი გახსნითი მატჩის წინ“, - ასეთია სტატიის სათაური და ერთ-ერთი შეკითხვა საქართველოს ნაკრებს უკავშირდება.
როგორ ითამაშებს დებიუტანტი საქართველოს ნაკრები?
„მარტში, როცა საქართველომ პენალტების სერიაში საბერძნეთი დაამარცხა და დიდ ტურნირზე თამაშის უფლება ისტორიაში პირველად მოიპოვა, თბილისში საოცარი საზეიმო სცენები ვიხილეთ. საქართველო ერთადერთი გუნდია, რომელიც გერმანიაში დებიუტანტის სტატუსით იქნება და ეჭვგარეშეა, რომ ჯვაროსნები თითოეული მომენტით სიამოვნების მიღებას შეეცდებიან.
საქართველო F ჯგუფში მოხვდა, რომელიც მარტივი ნამდვილად არაა, მაგრამ მათთვის მხოლოდ მონაწილეობა საკმარისი არ იქნება. „უაილდქარდის სტატუსის მქონე ნაკრები ვართ და ტურნირზე შედარებით შეუმჩნევლად გავედით. პორტუგალიას, ჩეხეთს და თურქეთს ვეთამაშებით. არ დავნებდებით და ყველაფერს გავიღებთ, რაც გვაქვს“, - აცხადებს ვილი სანიოლი. მთელი ქვეყანა ევროს მოლოდინში“, - წერს უეფა-ს ვებგვერდი.
დანარჩენ 5 შეკითხვას რაც შეეხება, უეფა აქცენტს შემდეგ საკითხებზე აკეთებს: 1) ვიხილავთ თუ არა ახალ ჩემპიონს? 2) შეძლებს კრიშტიანუ რონალდუ ახალი რეკორდის დამხობას? 3) ვინ იქნება ყველაზე დიდი გარღვევის მომხდენი ვარსკვლავი? 4) შეძლებს გერმანია საშინაო კედლების საუკეთესოდ გამოყენებას? 5) ევროპის ჩემპიონატის რომელი ყოფილი ვარსკვლავი გაიბრწყინებს მწვრთნელის რანგში?