მე-3 ტრავმირებული - თურქებს დაცვის ლიდერი დაემტვრათ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს თურქეთს, რომელთანაც პირველი ტურის მატჩი გველის, კიდევ ერთი ფეხბურთელი დაუშავდათ.
ვინჩენცო მონტელას გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში იტალიას დაუპირისპირდა (0:0) და პირველი ტაიმის მიწურულს „ჰოფენჰაიმის“ ცენტრალური მცველი ოზან ქაბაქი დაემტვრა, რომელიც ეროვნული ნაკრების დაცვის ლიდერად ითვლება.
ქაბაქმა მატეო რეტეგისთან ორთაბრძოლის დროს, აუტის ხაზთან მუხლის ტრავმა მიიღო და იმწამსვე დახმარება მოითხოვა. ტკივილი მძიმე ჩანდა და მალევე თურქი ფეხბურთელი შესაცვლელი გახდა.
ჯერჯერობით ტრავმის სირთულე ოფიციალურად დაზუსტებული არ არის, თუმცა ერთი შეხედვით ტრავმა საკმაოდ მძიმე ჩანდა.
აქვე გეტყვით, რომ ეს მონტელას გუნდის რიგით მე-3 დანაკარგია. აქამდე თურქებმა ფორვარდი ენეს უნალი (ბორნმუთი) და ცენტრალური მცველი ჩაგლარ სოიონჯუ (ატლეტიკო მადრიდი) დაკარგეს.
ამრიგად, 18 ივნისს, თურქებს დიდი შანსია, რომ საქართველოსთან მატჩისთვის 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე არ ჰყავდეთ, რომელთაგან ორი მცველია. მონტელას გუნდის პრობლემატურ რგოლად კი სწორედ დაცვის ხაზი ითვლება.