საქართველომ კვიპროსს მეორე თამაშიც მოუგო - ანტმანის გუნდი ჯგუფში მეორეა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა მე-4 შეხვედრა გამართა და „მიხეილ მესხზე“ კვიპროსს უმასპინძლა. მატჩი ქართველების გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
რამდენიმე დღის წინ, საქართველომ კვიპროსს სტუმრადაც მოუგო. საშინაო შეხვედრაში კი ირის ანტმანის გუნდს მეტი სიმშვიდე ეტყობოდა, შეხვედრაც ჩვენი კარნახით დაიწყო.
მატჩის ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გავიდა. მეტოქის მცველმა უხეში შეცდომა დაუშვა, თეონა ბაქრაძემ მას ბურთი აართვა და ცარიელ კარში გადაგზავნა - 1:0.
მეორე ტაიმში მეტოქე გააქტიურდა. 79-ე წუთზე გოლიც გაიტანეს, თუმცა თამაშგარეს გამო ბურთი გაუქმდა. 88-ე და 89-ე წუთებზე გაბუნიამ ნაკრები ორჯერ გადაარჩინა და ორი შორეული დარტყმის მოგერიება შეძლო.
ამრიგად, ანტმანის გუნდი ჯგუფში 4 ტურის შემდეგ, 7 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.