მბაპე: პსჟ-ში უთამაშებლობით მემუქრებოდნენ, ლუის ენრიკემ გადამარჩინა
კილიან მბაპემ პსჟ-დან წასვლის შემდეგ, პრესასთან პირველად ისაუბრა და RMC Sport-თან მისი ინტერვიუ საკმაოდ გულწრფელი, ასევე ხმაურიანი გამოდგა.
მბაპემ აღნიშნა, რომ პარიზული კლუბი მას უთამაშებლობით ემუქრებოდა.
„მათ ნათლად მითხრეს პსჟ-ში არ ვითამაშებდი, ეს პირისპირ მითხრეს, მკაცრად მელაპარაკნენ. უთამაშებლობით მემუქრებოდნენ. ლუის ენრიკემ და ლუის კამპოსმა (სპორტული დირექტორი) გადამარჩინეს, მათ გარეშე მოედანზე ვეღარ გავიდოდი. ამიტომ მე მწვრთნელისა და სპორტული დირექტორის ყოველთვის მადლობელი ვიყავი.
როგორც ადამიანი, რომელიც საუკეთესოდ აანალიზებს ჩემს თამაშს, მიმაჩნია, რომ ამ სეზონში ჩემს სტანდარტებზე დაბლა ვითამაშე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ვთამაშობდი, სიამაყის მიზეზი იყო. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში ასეთი თამაშით კმაყოფილი არ ვიქნები
პსჟ-ში უკმაყოფილო არ ვყოფილვარ, ეს იქნებოდა იმ ხალხისთვის სილის გაწნა, ვინც მიცავდა, მე ყოველთვის ბედნიერი ვიყავი. დიახ, იყო რაღაცები, რამაც გამაბრაზა, მაგრამ ჩემნაირმა მოთამაშემ ეს ვერ გამოხატა, რადგან ლიდერი ვარ, მიყურებდნენ და ვცდილობდი მაქსიმალურად პოზიტიური ვყოფილიყავი.
მწვრთნელი, ფეხბურთელები და კლუბის პერსონალი მხარს მიჭერდნენ. ჩემი მხრიდან ცოტა ზიზღი და უმადურობა იქნებოდა, რომ მივსულიყავი, სახეში შემეფურთხებინა და მეთქვა, რომ უკმაყოფილო ვარ. მაგრამ იყო ხალხი და რამ, რაც მაბედნიერებდა.
რეალში თამაში ეს დიდი სიხარულია, ოცნება ამისრულდა, ემოციებით ვარ სავსე. ძალიან ბედნიერი ვარ, მომეშვა და უზომოდ ამაყი ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ვუერთდები ამ დიდ კლუბს, მსოფლიოში საუკეთესოს.
მოვდივარ დიდი თავმდაბლობით და მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, ვინც დამიკავშირდა და მათ, ვინც წვლილი შეიტანა ამ გარიგებაში",
- განაცხადა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიანმა „რეალთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან ხელმოწერისთვის ბონუსად 150 მილიონი ევრო მიიღო. მისი წლიური ანაზღაურება კი 15 მილიონი ევრო იქნება.