ტრავმის გამო ჯოკოვიჩი როლან გაროსიდან ჩაეხსნა
საფრანგეთის ღია პირველობაზე 1/4-ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს, სადაც რამდენიმე წუთის წინ როლან გაროსის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირს ჩაეხსნა.
37 წლის სერბის ტურნირიდან ჩახსნის მიზეზად კუნთის ტრავმა სახელდება.
„ნოლეს“ ხვალ მეოთხედფინალში კასპერ რუდთან უნდა ეთამაშა. რა თქმა უნდა, ჯოკოვიჩი ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ამჯერად სერბი კარიერაში თავისი მე-4 როლან გაროსის მოგებას ვერ შეძლებს.
ნოვაკი გამოთიშვის შემდეგ, ATP-ის მსოფლიო რეიტინგში პირველობას დაკარგავს და მსოფლიოს პირველი ჩოგანი იტალიელი იანიკ სინერი გახდება.
შეგახსენებთ, რომ „ნოლემ“ 1/8 ფინალში არგენტინელი ფრანცისკო სერუნდოლო (27-ნომერი ATP-ის რეიტინგში) დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მატჩი 4 საათისა და 37 წუთს გაგრძელდა და ჯოკოვიჩს გამარჯვების მოსაპოვებლად 5 სეტი დასჭირდა - 6:1, 5:7, 3:6, 7:5, 6:3.
აქვე გეტყვით, რომ ჯოკოვიჩის ანგარიშზე დიდი სლემის 24 ტურნირია. სერბი სლემებში ნადალს 2-ით უსწრებს, ფედერერს კი 4-ით.