ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების უცნობი ჯადოქარი | Opta-ს ვრცელი სტატია ჩაკვეტაძეზე

„კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ფარული ჯადოქარია“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, Opta-ს ვებგვერდი და ვილი სანიოლის გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე დეტალურად გვესაუბრება.

„ყველამ იცის, ხვიჩა კვარაცხელია ვინაა და რა შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ევრო 2024-ზე, გიორგი ჩაკვეტაძეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ საქართველოს ნაკრებისთვის იმავე მნიშვნელობის ფეხბურთელია.

26 მარტს, ნიკა კვეკვესკირის გადამწყვეტი პენალტის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საგზური დაისაკუთრა. 1991 წლის შემდეგ, როცა საქართველო სსრკ-ს გამოეყო და დამოუკიდებლობა მოიპოვა, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი ქართველებისთვის პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი იქნება.

ჯვაროსნების კვალიფიკაციამ განაპირობა ის, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ტალანტი, ხვიჩა კვარაცხელია დიდ საერთაშორისო ტურნირზე თამაშს შეძლებს. ნაპოლიში გადასვლის შემდეგ, კვარა ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე გარემარბად იქცა.

ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის ბოლო ორი სეზონის მონაცემებს თუ ავიღებთ, კვარაცხელია 21 ფეხბურთელიდან ერთ-ერთია, რომელმაც თამაშიდან მინიმუმ 100 სახიფათო მომენტი შექმნა. ხვიჩამ სახელი გაითქვა, როგორც ფეხბურთელმა, რომელსაც ბურთით მეტოქეთა დაცვის ხაზების დატერორების უნარი აქვს და 2022-23 წლების სეზონიდან მოყოლებული, მასზე მეტი მოწინააღმდეგე მხოლოდ ჟერემი დოკუმ ჩამოიშორა. სამაგიეროდ, ბურთით მინიმუმ 5 მეტრის გავლის შემდეგ მასზე მეტი დარტყმა არავის განუხორციელებია.

ყველასთვის აშკარაა, რამდენადაა საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლა კვარაცხელიაზე დამოკიდებული, მაგრამ მას ჰყავს თანაგუნდელი, რომელიც მსგავსი შესაძლებლობებით გამოირჩევა, თუმცა, ფართო მასებისთვის ნაკლებადაა ცნობილი: გიორგი ჩაკვეტაძე.

ჩაკვეტაძემ კარიერა დინამო თბილისში დაიწყო და წარმატებულმა ასპარეზობამ გენტში ტრანსფერი მოუტანა. 18 წლის ასაკში, იგი იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი და უეფა-ს რჩეული გახდა. უეფა-მ დაასახელა 50 მოთამაშე, რომლებისთვისაც 2019 წელს თვალი უნდა გვედევნებინა და ერთ-ერთი სწორედ ჩაკვე გახლდათ.

სამწუხაროდ, 2019 წლის დასაწყისში მიღებულმა მძიმე ტრავმამ, რომლის რეციდივსაც რამდენიმე თვის შემდეგ ჰქონდა ადგილი, მისი პროგრესი შეანელა და თითქმის 12 თვე გაუცდა, რასაც კორონავირუსის პანდემია დაემატა. საქართველოს ნაკრების მთავარი დამრტყმელის ფუნქცია მისგან კვარაცხელიამ გადაიბარა, რომელიც მაშინ რუსულ კლუბში, რუბინში გამოდიოდა.

ტრავმების გამო გაცდენილი დიდი დროის შემდეგ, ჩაკვეტაძე კარიერის ხელახლა შენების პროცესშია და ისევ ძველებურად ბრწყინავს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, პლეიოფის მატჩების ჩათვლით, მეტოქე გუნდებისთვის კვარაცხელიაზე (1.23) და ჩაკვეტაძეზე (1.15) მეტი საფრთხე არც ერთ ქართველ ფეხბურთელს შეუქმნია და მოსალოდნელი საგოლე გადაცემების გრაფაში ისინი ჯვაროსნების ლიდერები იყვნენ.

ჩაკვეტაძე, ჯგუფურ ეტაპზე, 90 წუთში საშუალოდ 0.18 xA-ს (მოსალოდნელი საგოლე გადაცემები) იფორმებდა და A ჯგუფში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ 4 ფეხბურთელს ჰქონდა: მარტინ ოდეგორი (0.28), ფრედრიკ აურსნესი (0.28), როდრი (0.22) და დანი კარვახალი (0.25). გარდა ამისა, იგი ერთ-ერთი იყო იმ სამ ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც A ჯგუფში 3 საგოლე გადაცემა გააკეთეს. ჩაკვეტაძესთან ერთად, მსგავსი შედეგი ანტონიო ნუსამ და ნიკო უილიამსმა დააფიქსირეს და სამივე შემთხვევაში, მან კვარაცხელიას გაატანინა.

ჩაკვეტაძე ევროპის ჩემპიონატს ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში მოასპარეზე უოტფორდში ჩატარებული კარგი სეზონით ხვდება. კრაზანებმა იგი იჯარის წესით, გასულ ზაფხულში გაიფორმეს და იანვარში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვიტეს. როცა ქართული ფეხბურთის ლეგენდა, შოთა არველაძე ჩაკვეტაძეს ესტუმრა და მის ერთ-ერთ შეხვედრას დაესწრო, თანამემამულეს განუცხადა: „აქ ძალიან შეგიყვარებენ“.

ამ მომენტიდან 9 თვეა გასული და შეგვიძლია ვთქვათ, რომ არველაძე არ შემცდარა. ჩაკვეტაძე კრაზანების ქომაგების ერთ-ერთი ფავორიტი გახდა, რაც მეტოქეზე წასვლის სურვილისა და ბურთის წინ წაღების უნარის დამსახურება გახლავთ. ქპრ-სთან გამართული დამაიმედებელი სადებიუტო მატჩის შემდეგ, რომელშიც იგი ცვლილებაზე გამოჩნდა და საკუთარი უნარებითა და მოძრაობებით გულშემატკივრები აღაფრთოვანა, სეზონის შუა ნაწილში მისი უოტფორდული კარიერა საფრთხის ქვეშ დადგა. ვალერიენ ისმაელის ფორმაციის გუნდში ჩაკვეტაძეს რეგულარული სათამაშო დრო არ ეძლეოდა და უმეტეს წილად, მოედანზე მატჩის ბოლოსკენ შეჰყავდათ. დებიუტის შემდეგ, ქართულმა პორტალმა Geo Team-მა მას ინგლისის ჩემპიონშიპში არსებულ ტემპზე ჰკითხა და გიორგიმ განაცხადა, რომ მსგავსი ტემპი, გარემო და დონე არსად უნახავს.

ჩაკვეტაძე არ შემცდარა. შობის დადგომამდე, შემტევი ნახევარმცველის ანგარიშზე მხოლოდ 2 სტარტი და მოედანზე გატარებული 474 წუთი იყო. 2023/24 წლების სეზონის საწყის 23 შეხვედრაში, მან 17-ჯერ ითამაშა და საშუალოდ მოედანზე 28 წუთს ატარებდა. Boxing Day-ზე, ბრისტოლთან 1:4-ით წაგებული მატჩი უოტფორდის ქომაგებს ბევრი არაფრით დაამახსოვრდათ. აღნიშნული შეხვედრის ერთადერთი ნათელი წერტილი ჩაკვეტაძის თამაში და მისი სადებიუტო გოლი იყო, რამაც ყველაფერი შეცვალა. ბრისტოლთან მატჩის ჩათვლით, მან უოტფორდის მომდევნო 20 შეხვედრიდან 17-ში მიიღო მონაწილეობა, სამი მატჩი კი ტრავმის გამო გამოტოვა.

გავლენა, რომელიც ქართველ ფეხბურთელს გუნდის თამაშზე ჰქონდა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც, უოტფორდი სამარცხვინო შედეგსა და ჩემპიონშიპიდან გავარდნას გადაურჩა. მთელი სეზონის სტატისტიკას თუ ავიღებთ და საშუალოდ 90 წუთში დაფიქსირებულ შედეგებს გავითვალისწინებთ, თამაშიდან შექმნილი მომენტებისა და მეორე შანსების გრაფაში, ჩაკვეტაძეზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ფინ აზაზს ჰქონდა (ფეხბურთელთა შორის, რომლებმაც მინიმუმ 1500 წუთი ითამაშეს).

Boxing Day-ის შემდეგ, უოტფორდის რიგებში, ქართველი შემტევი მეორე ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი იყო. ჩაკვეტაძემ 37 სახიფათო მომენტი შექმნა და მოსალოდნელი ასისტების გრაფაში 2.6 დააფიქსირა. გიორგი მხოლოდ იასერ ასპრილიას ჩამორჩა (40 მომენტი, 4.0xA). ყველასთვის აშკარა იყო საფრთხე, რომელსაც იგი ბურთის ქონისას ქმნიდა. მის გუნდში, მასზე დიდი მანძილი ბურთით არავის მოუგია და მომენტების მესამედი (12) სწორედ დრიბლინგის შემდეგ შექმნა.

2023/24 წლების სეზონში, ჩაკვეტაძე საშუალოდ 90 წუთში, ბურთით მოგებული მანძილის მხრივ, ჩემპიონშიპში მოასპარეზე შემტევებს შორის (რომლებმაც მინიმუმ 1500 წუთი ითამაშეს) მერვე ადგილზე იყო და 113.4 მეტრს იგებდა.

საქართველოს 18 ივნისამდე მოუწევს ლოდინი, სანამ ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო შეხვედრას გამართავს და ჯვაროსნების მეტოქეები თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი არიან. ევრო 2020 წლის დებიუტანტებმა, ფინეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსნაირი ნიჭიერი ფეხბურთელები არც ერთ მათგანს ჰყოლია. 2016 წელს, უელსმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო და სადებიუტო ევროზე ნახევარფინალში გავიდა. ვინ იცის, იქნება ჩაკვეტაძემ და კვარაცხელიამ იგივე გააკეთონ და თავიანთი გუნდი შორს გაიყვანონ“, - წერს Opta.

ცნობისთვის, 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ნაკრები 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე
ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე