ვალენსიას 72 საათი აქვს | ნიუკასლის შეთავაზება მამარდაშვილის ტრანსფერზე
„ნიუკასლი“ გიორგი მამარდაშვილის გადაბირებაზე აქტიურად მუშაობს. Marca-ს ჟურნალისტის, პედრო მორატას ინფორმაციით, „კაჭკაჭებმა“ „ვალენსიას“ შეთავაზება გაუკეთეს და „ღამურების“ პასუხის მოლოდინში არიან.
მორატას ცნობით, „ნიუკასლი“ მზადაა, ქართველი გოლკიპერის სანაცვლოდ 41 მილიონი ევრო გადაიხადოს. ინგლისელებმა „მესტალიას“ ბინადრებს მოსაფიქრებლად 72 საათი მისცეს და იმედი აქვთ, ყველაფერი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
როგორც ირკვევა, „კაჭკაჭების“ წარმომადგენლები გასულ კვირაში ვალენსიაში იმყოფებოდნენ და კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. გუშინ, მორატამ გვაუწყა, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელები „მამარდას“ აგენტს ლონდონში შეხვდნენ და სატრანსფერო ფასის თაობაზე, მასთან შეთანხმებას მიაღწიეს.
ესპანური პრესის მიხედვით, „ვალენსიას“ გიორგის სანაცვლოდ 45 მილიონი ევროს მიღება სურს. „ჩეს“ პირველი პირი, პიტერ ლიმი დათმობებზე წასვლას არ აპირებს, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, 4 მილიონი გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდეს. გეტყვით იმასაც, რომ Transfermarkt-ზე, „მამარდას“ სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა და ლა ლიგის ყველაზე ძვირადღირებული გოლკიპერია.