გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

NBA-ის თავისუფალი აგენტები, რომლებსაც ევროპაში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ - სიაში გოგა და სანდროც არიან

ევროპული საკალათბურთო სააგენტო Eurohoops-სი NBA-ის თავისუფალი აგენტების შესახებ წერს, რომლებსაც მომავალ სეზონში ევროპაში გადაბარგება შეუძლიათ. სააგენტოს სიაში NBA-ის სხვა კალათბურთელებთან ერთად სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძეც მოხვდნენ.

რას წერს Eurohoops-ი ქართველ კალათბურთელებზე:

სანდრო მამუკელაშვილი

გასული სეზონის ხელფასი: 2 მილიონი დოლარი.

საშუალო სტატისტიკა 2023/24 წლების სეზონში: 4.1 ქულა, 3.2 მოხსნა, 1.1 ასისტი.

ჩვენს სიაში შეყვანილი მოთამაშეების უმრავლესობისაგან განსხვავებით, ქართველ ფორვარდს ევროპაში თამაშის გამოცდილება არ გააჩნია. თუმცა, საქართველოს ნაკრებში მას რეგულარულად იძახებენ, რის გამოც სრულად არის მორგებული ევროპის სათამაშო სტილზე.

ის „სეტონ ჰოლის“ პროდუქტია, რომელიც დრაფტზე 2021 წელს, 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია. NBA-ში მან 130 მატჩი ჩაატარა, სადაც „მილოუკი ბაქსისა“ და „სან ანტონიო სპურსის“ ღირსებას იცავდა.

NCAA-მდე, მამუკელაშვილმა Stella Azzurra Roma-სთან ერთად, ევროლიგის ახალგაზრდა თაობის განვითარების ტურნირში მიიღო მონაწილეობა.

გოგა ბითაძე

გასული სეზონის ხელფასი: 2 მილიონი დოლარი.

საშუალო სტატისტიკა 2023/24 წლების სეზონში: 4.9 ქულა, 4.5 მოხსნა, 1.3 ასისტი.

ქართველი ცენტრი 2019 წელს ევროლიგის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, თუმცა, NBA-ში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო. „ბუდუჩნოსტში“ ხმაურიანი გამოსვლის შემდეგ, ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც უკვე ხუთი სეზონია ასპარეზობს. ამ ზაფხულს ის რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგება, რადგან ევროპული გუნდები 24 წლის ცენტრის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ.

ცნობისთვის, გოგა ბითაძემ რამდენიმე კვირის წინ „ორლანდო მეჯიქის“ მედია-სამსახურთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ NBA-ის დატოვებას და ევროპაში დაბრუნებას ფიქრობდა, თუმცა, გადაწყვეტილება ორლანდოს კალათბურთელებმა გადააფიქრებინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები