კრიშტიანუ რონალდუ, რობერტო მარტინესი, რუბენ ნევეში, ოტავიო
Aa
Aa

დამატებითი შვებულება კრიშტიანუს - პორტუგალია მზადებას იწყებს

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ, პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა მზადება დაიწყო. ესპანელი მთავარი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით გუნდი გუშინ ლისაბონის გარეუბანში მდებარე ბაზაზე არასრული შემადგენლობით შეიკრიბა და პირველი ვარჯიში ჩაატარა. მარტინესის განკარგულებაში ჯერჯერობით გამოძახებული ფეხბურთელების ნახევარზე ოდნავ მეტია, ზოგიერთი მოთამაშე კი, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ნაკრებს ერთკვირიანი დასვენების შემდეგ შეუერთდება.

რობერტო მარტინესმა დამატებითი შვებულება კაპიტან კრიშტიანუ რონალდუსა და ნახევარმცველ რუბენ ნევეშს მისცა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთის თასის ფინალში ითამაშეს და ნევეშის „ალ ჰილალმა“ რონალდუს „ალ ნასრი“ მატჩის შემდგომ 11-მეტრიანების სერიაში დაამარცხა. ამავე შეხვედრაში მონაწილეობდა პორტუგალიის ნაკრებში გამოძახებული კიდევ ერთი ფეხბურთელი ოტავიო, რომელიც ტრავმის გამო 81-ე წუთზე შეცვალეს და ლისაბონში გაემგზავრა, სადაც დეტალური სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ცნობილი გახდება მოასწრებს თუ არა ჩემპიონატის დაწყებამდე მწყობრში ჩადგომას.

პორტუგალიის ნაკრები სამშობლოში სამ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრება და მზადებას ადგილზე განაგრძობს. სპარინგებს „ლუზიტანები“ 4, 8 და 11 ივნისს, ფინეთის, ხორვატიის და ირლანდიის ნაკრებ გუნდებთან ჩაატარებენ. ევროპის ჩემპიონატს რონალდუ და მისი თანაგუნდელები 18 ივნისს ჩეხებთან თამაშით დაიწყებენ, ტურნირის დებიუტანტს, საქართველოს ნაკრებს კი, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 26 ივნისს, გელზენკირხენში დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატირებული რონალდუ - ალ ნასრიმ ფინალში წააგო
ატირებული რონალდუ - ალ ნასრიმ ფინალში წააგო