ჰაკან ჩალჰანოღლუ, ვინჩენცო მონტელა, თურქეთის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მთავარი მიზანი საქართველოსთან წარმატებული სტარტია“ - მონტელას და ჩალჰანოღლუს პრესკონფერენცია

თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ და ფეხბურთელმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ იტალიასთან ამხანაგურ მატჩამდე 1 დღით ადრე პრესკონფერენცია გამართეს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

ჰაკან ჩალჰანოღლუ:

„ჩვენთვის, ბოლო ევროპის ჩემპიონატი პოზიტიური არ ყოფილა, უფრო მეტის გაკეთება გვინდოდა. ძალიან გვიხარია, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე გერმანიაში ვითამაშებთ, ისე ვიქნებით, თითქოს საკუთარ სახლში, გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოგვაკლდება. რაც შეეხება მწვრთნელის ცვლილებას, არის ახალი იდეები და ახალი ფილოსოფია. მწვრთნელი ყოველთვის თავის საქმეზე არის ორიენტირებული და ჩვენც ძალიან კონცენტრირებულები ვართ. ვარჯიშის ნაწილი პრესისთვის სპეციალურად დავხურეთ. გვინდა, რომ საქართველოსთან მატჩისთვის მაქსიმალურად კონცენტრირებულად მოვემზადოთ და წარმატებულად დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ამ გზით, რომელზეც ახლა ვართ, ყველაფერი კარგად იქნება“.

ვინჩენცო მონტელა:

„ჩემთვის იტალიის წინააღმდეგ თამაში ნამდვილად განსაკუთრებული იქნება, ისინი ხომ ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება, მაგრამ ტურნირისთვის გამოცდაც სწორედ აქ იწყება. რთული ტესტები ავირჩიე, რადგან მიმაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სირთულეებთან შეგუება მნიშვნელოვანია. როგორ მატჩს ველი? დაძაბულს და ტაქტიკურად რთულს. ვეცდებით, ერთიანები ვიყოთ და ის სულისკვეთება ვაჩვენოთ, რომელიც შესარჩევი ციკლის დასაწყისში გვქონდა“.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე ბოლონიაში გაიმართება. ვინჩენცო მონტელას გუნდი ევრო 2024-ზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები