მოჭიდავეების 7 მედალი საერთაშორისო ტურნირზე
სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 7 მედლით დაასრულა. საუკეთესო შედეგი ქართველმა სპორტსმენებმა 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში აჩვენეს, სადა დათა ჩხაიძე ჩემპიონი გახდა, ზურაბ მელაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედალთან ახლოს იყო 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში რამაზ სილაგავა, თუმცა ის გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა. მელაძის გარდა კი, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავეს ანრი ფუტკარაძემ (77 კგ) და რატი ტალიკაშვილმა (130 კგ). 67 კილოგრამში კი ბრინჯაოს პრიზიორი ერთბაშად ორი ქართველი, გიორგი შოთაძე და დავით გვასალია გახდა. შეჯიბრებისთვის მოჭიდავეები მწვრთნელებმა, ჯემალ ბაკურიძემ და ზურაბ მაჭარაშვილმა მოამზადეს, ტურნირის ერთ-ერთი არბიტრი კი ქართველი ზურაბ ელოშვილი იყო.
ანალოგიურ ასაკობრივ კატეგორიაში ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა აპრილის ბოლოს ბულგარეთში პეტრო სირაკოვისა და ივან ილიევის მემორიალზე იასპარეზეს და 1 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.