ვინისიუს ჟუნიორი, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ვინისიუს ჟუნიორი საუკეთესოა - ჩემპიონთა ლიგის ლაურეატები

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „რეალის“ ბრაზილიელი ლეგიონერი ვინისიუს ჟუნიორი დაასახელეს. 23 წლის შემტევი ტიპის ნახევარმცველმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ კილიან მბაპესა და ჰარი კეინს ჩამორჩა. 5 საგოლე გადაცემით კი ვინისიუსი თანაკლუბელ ჯუდ ბელინგემთან და „დორტმუნდის“ ნახევარმცველ მარსელ ზაბიცერთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტი გახდა. „ბორუსიასთან“ გატანილი გოლით ბრაზილიელმა ლიონელ მესის მიერ 2011 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც ლიგის ორ ფინალში შეძლო ბურთის გატანა.

მთავარი ნომინაციის გარდა, უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე სხვა ლაურეატებიც გამოავლინეს და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ასევე „რეალელი“ ჯუდ ბელინგემი აღიარეს. წლის სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი 4-4 წარმომადგენელი ტურნირის ფინალისტებს, „რეალსა“ და „ბორუსიას“ ჰყავდა. სპეციალისტებმა სამეფო კლუბის რიგებიდან საუკეთესო თერთმეტეულში დანიელ კარვახალი, ანტონიო რუდიგერი, ჯუდ ბელინგემი და ვინისიუს ჟუნიორი, „დორტმუნდის“ შემადგენლობიდან კი გრეგორ კობელი, მატს ჰუმელსი, იან მაატსენი და მარსელ ზაბიცერი შეიყვანეს. სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდნენ პსჟ-ს, „მანჩესტერ სიტისა“ და „ბაიერნის“ მოთამაშები, ვიტინია, ფილ ფოდენი და ჰარი კეინი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გასული გათამაშების გადამწყვეტ შეხვედრაში „რეალმა“ „დორტმუნდი“ დანიელ კარვახალისა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით დაამარცხა და ეს ტურნირი არსებობის ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალის საჩემპიონო ზეიმი - პირდაპირი ეთერი მადრიდიდან
რეალის საჩემპიონო ზეიმი - პირდაპირი ეთერი მადრიდიდან