„არავითარი გაურკვევლობა“ | რატომ არ ურჩევს როტენი მარსელს მიქაუტაძის ტრანსფერს
გიორგი მიქაუტაძე ფრანგული კლუბების ყურადღების ცენტრში იმყოფება და „მარსელი“ ერთ-ერთია, რომელსაც უცხოურმა გამოცემებმა ქართველი ფეხბურთელი დაუკავშირეს. Le10Sport-ის მიხედვით, არის ალბათობა, რომ ზაფხულში, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გუნდი დატოვოს და მიქაუტაძეს სწორედ მის შემცვლელად მოიაზრებენ.
„მარსელის“ სატრანსფერო გეგმებს ჟერომ როტენი გამოეხმაურა. საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა „სტად ველოდრომის“ ბინადრებს ურჩია, მიქაუტაძე არ შეიძინონ და აქცენტი გააკეთონ თავდამსხმელზე, რომელსაც საკუთარი შესაძლებლობები უმაღლეს დონეზე დამტკიცებული აქვს.
„მიქაუტაძე, როგორც ფეხბურთელი, ძალიან მიყვარს, მაგრამ აიაქსში იყო და არაფერი გამოუვიდა. მიზეზები ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერმა იმუშავა. მარსელს სჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც თავიანთი შესაძლებლობები დამტკიცებული აქვთ. არავითარი გაურკვევლობა!“.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძით „ლიონი“, „რენი“ და „მონაკოც“ არიან დაინტერესებული და ბოლო პერიოდში, ყველაზე ხშირად მათზე იწერება. „მარსელს“ რაც შეეხება, უახლოეს პერიოდში, კლუბის ხელმძღვანელები ობამეიანგს შეხვდებიან და მის მომავალს გადაწყვეტენ.