„შეკრული გუნდია“ | რას წერს იტალიური გამოცემა საქართველოს ნაკრებზე
იტალიური გამოცემა, Virgilio საკუთარ მკითხველს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებს ახლოდან აცნობს და ბოლო სტატია საქართველოს ეროვნულ გუნდს მიუძღვნა. Virgilio-მ „ჯვაროსნების“ მიერ გავლილ გზაზე, მათ მთავარ მწვრთნელზე, სათამაშო სქემასა და ვარსკვლავებზე დაწერა.
„საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს და F ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები კი თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი არიან. ვილი სანიოლის ბიჭების მიზანი ჩვენი გაოცებაა, რადგან როგორც ძველი ანდაზა ამბობს, მადა ჭამაში მოდისო.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საგზური ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დამარცხებით მოიპოვა. ლუქსემბურგს ბუდუ ზივზივაძის დუბლით მოუგეს, საბერძნეთს კი პენალტების სერიაში სძლიეს. ჯვაროსნების წარმატებამ მთელ ქვეყანას უდიდესი სიხარული მოუტანა და საქართველო პირველი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ვილი სანიოლის ნაკრები შეკრული გუნდია და ძირითადად, 3-5-2 ტაქტიკით თამაშობს. ფრანგი სპეციალისტის დასაყრდენები გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. მამარდაშვილი ვალენსიაში ასპარეზობს, კვარაცხელია კი გუნდის მთავარი ვარსკვლავია და ნაპოლის მე-3 სკუდეტოს ერთ-ერთი შემოქმედი იყო, რის შემდეგაც სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 2023/24 წლების სეზონში, ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ისურვებდა, მაგრამ 10-ზე მეტი გოლი მაინც გაიტანა.
არა მხოლოდ კვარა, საქართველოს ნაკრებს ჰყავს კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც იტალიაში თამაშობს. საუბარია კრემონეზეს წარმომადგენელ ლუკა ლოჩოშვილზე. გუნდის კაპიტანი გურამი კაშიაა, შეტევაში კვარაცხელიას პარტნიორი კი სავარაუდოდ ბუდუ ზივზივაძე იქნება, ვინც გასულ სეზონში, კარლსრუეს მაისურით 11 ბურთი შეაგდო”.
ცნობისთვის, საქართველოსა და თურქეთის მატჩი თბილისის დროით, 20:00-ზე დაიწყება. 22 ივნისს, 17:00-ზე ჩეხეთს დავუპირისპირდებით, ხოლო 26-ში, 23:00-ზე, პორტუგალიას შევხვდებით.