„ძალიან გვტკივა... ყველა ფეხბურთელი ტირის...“ - ბოლონი ლიგა 1-დან გავარდნის შემდეგ
„მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ კომენტარი Bein Sport-ის ეთერში გააკეთა და მწუხარება ვერ დამალა.
რა თქვა ბოლონიმ:
„ეს მართლაც თვალწარმტაცი მატჩი იყო თავისი აღმავლობითა და ვარდნით. 120 წუთის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ტემპი იყო. გასახდელში დიდი სევდა და იმედგაცრუება... ვეტერანი ფეხბურთელებიც კი თავდახრილები სხედან და ტირიან... სიტყვები უნდა ვიპოვოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჯგუფი უზარმაზარი ფიზიკური და გონებრივი ძალისხმევის გაღებისთვის მილოცვას იმსახურებს, ეს ყველაფერი კაცნაკლულებმა შევძელით. შეგვეძლო ანგარიში 3:1-იც გაგვეხადა, მაგრამ არ გამოგვივიდა. მეტოქემ პირველი გოლი არაფრიდან გაიტანა და ყველაზე მეტად ეს გვტკივა. ახლა რამდენიმე დღე უნდა დავისვენოთ, შემდეგ კი ისევ შევხვდებით ერთმანეთს და უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ. ცხოვრება ამით არ მთავრდება“.
„გაძევება? მსაჯმა კიარა, VAR-მა გააძევა ჩემი ფეხბურთელი. სადღაც კაბინეტში, სავარძელში მოკალათებული ეპიზოდს სხვაგვარად აღიქვამ, ვიდრე მოედანზე. არ უარვყოფ, რომ უხეშად ითამაშა, მაგრამ წითლის ამოღება?.. ის ფეხბურთელი არ მომკვდარა, წამოდგა და მატჩი ბოლომდე ითამაშა. დარწმუნებული არ ვარ, რომ წითელი ბარათის ჩვენება სწორი იყო. რა თქმა უნდა, მარცხში ამან დიდი როლი ითამაშა“.
„ჩემი მომავალი? ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ვისკი ეყიდა. ახლა სახლში წასვლას და ყინულიანი ვისკის დალევას ვაპირებ. მაგრამ ვიცი, რატომაც სვამ ამ კითხვას და ძალიან მტკივა. არ გიპასუხებ. რა თქმა უნდა, მენეჯერებთან დისკუსია მექნება. რაღაც საქმეები მოსაგვარებელი იქნება. თითქმის ორი წლის განმავლობაში ძალიან კარგი საქმეები გავაკეთეთ, პირველი წელი ძალიან კარგი იყო, მეორე კი არასაკმარისი“.
„მეცი“ ლიგა 1-ის პლეი-ოფში „სენტ-ეტიენთან“ ორი მატჩის ჯამში 4:3 დამარცხდა და ლიგა 1-ში ადგილი დაკარგა. ამ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. ამ მოცემულობით, „მეცი“ მთავარ ლიგაში ადგილს ინარჩუნებდა, თუმცა, ბოლონის გუნდმა უპირატესობა გაანიავა.
მეცი 2:2 სენტ-ეტიენი