ორი გოლი და ორი წითელი - დილამ ქულები დაკარგა
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური გორის „დილასა“ და „კოლხეთი 1913“-ის მატჩით დასრულდა. გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში, „დილამ“ მოგების შანსი შეხვედრის მიწურულს გაუშვა.
მატჩში, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, გულშემატკივარმა ორი გოლის გარდა ორი წითელი ბარათიც იხილა.
ანგარიში მასპინძლებმა შეხვედრის დებიუტში გახსნეს. მე-12 წუთზე ტაირელ ვაუტერის დარტყმული ფოთელთა მეკარემ მოიგერია. გადმოვარდნილი ბურთი კვლავ ნიდერლანდელს მიუვიდა, თუმცა, ამჯერად პასი აბუბაქარ კონტეს გაუკეთა და ამ უკანასკნელსაც გატანა აღარ გასჭირვებია.
მეორე ნახევრის დებიუტში მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტუმართა მცველი, არჩილ დათუაშვილი გააძევა, თუმცა, „დილამ“ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება ვერ შეძლო.
85-ე წუთზე, „კოლხეთი 1913“-ის შეტევა წესების დარღვევით რომარიკ ეტოუმ შეაჩერა, კოტე გიორგაძემ კი ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად მიიჩნია და მოედნიდან ამჯერად გორელთა მცველი გააძევა. საჯარიმო დარტყმა ზუსტად გიორგი ახალაძემ შეასრულა, რომელიც მოედანზე რამდენიმე წამის გამოსული იყო და შედეგად, თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
18 ტურის შემდეგ, გორის „დილა“ კრისტალბეთ ეროვნული სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. რუი მოტას გუნდს 39 ქულა აქვს და მეორეადგილოსან „ტორპედოს“ 4 ქულით უსრებს, „კოლხეთი 1913“ კი 20 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.