ყუშიტაშვილის ოლიმპიური ლიცენზია - პარიზში ორი ქართველი მოკრივე იასპარეზებს
ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში კრივში გამართული პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო სალიცენზიო ტურნირი გიორგი ყუშიტაშვილისთვის წარმატებული გამოდგა. 28 წლის ქართველმა მოკრივემ, რომელიც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ოთხი ბრძოლა მოიგო და “პარიზი 2024”-ზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.
ყუშიტაშვილმა ტურნირი გაიანელი ემანუელ პომპეის დამარცხებით დაიწყო, რასაც ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგთან გამარჯვება მოჰყვა. ამის შემდეგ გიორგის მისთვის ბოლო პერიოდში ტრადიციული მეტოქე, საბერძნეთის სახელით მოასპარეზე ვაგკან ნანიტზანიანი შეხვდა და ისევე როგორც წინა ორ შეჯიბრებაში, ქართველმა მოწინააღმდეგეს ამჯერადაც აჯობა. რაც შეეხება დღეს ჩატარებულ გადამწყვეტ და ლიცენზიის მომტან ბრძოლას, ყუშიტაშვილმა ამერიკელ ჯამარ ტელეის არბიტრების გადაწყვეტილებით მოუგო.
ბანგკოკში ოლიმპიადის ლიცენზიისთვის იბრძოდა კიდევ ერთი ქართველი მოკრივე ესკერხან მადიევი (71 კგ), მაგრამ სამწუხაროდ მან მიზანს ვერ მიაღწია. გუნდთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ლაშა გურული, რომელმაც ოლიმპიური თამაშების საგზური ერთი წლის წინ გაინაღდა და სპეციალური პროგრამით მზადებას განაგრძობს.
ამით კრივში სალიცენზიო შეჯიბრები დასრულებულია და საბოლოოდ გაირკვა, რომ საფრანგეთის დედაქალაქში რინგზე საქართველოს სახელით ორი მოკრივე, ლაშა გურული (67 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილი (92 კგ) გავა.