მიქაუტაძემ გაიტანა, მაგრამ... - მეცი ლიგა 2-ში დაქვეითდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში, გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ „სეტნ-ეტიენს“ უმასპინძლა და ფრედ, 2:2 ითამაშა. გუნდებს შორის, პლეი-ოფის პირველი შეხვედრა სენტ-ეტიენის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა, რის გამოც მიქაუტაძის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში 2:0 გამარჯვება სჭირდებოდა.
იმის მიუხედავად, რომ „მეცი“ შეხვედრის დებიუტში ურთულეს სიტუაციაში აღმოჩნდა, მასპინძლებმა მაინც შეძლეს თავისთვის სასურველი სხვაობის დაფიქსირება, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.
მე-6 წუთზე მეტოქეზე უხეშობის გამო მთავარმა მსაჯმა მოედნიდან პაპი დიალო გააძევა და „მეცი“ 10 კაცით დარჩა. რიცხობრივი უმცირესობის მიუხედავად, მასპინძლებმა ანგარიში მე-17 წუთზე, კამარას გოლით გახსნეს. 25-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ბრწყინვალე დრიბლინგით ჯერ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი ზუსტად თავადვე შეასრულა და „მეცი“ 2:0 დააწინაურა.
ამ მოცემულობით, ლასლო ბოლონის გუნდი ლიგა 1-ში რჩებოდა, თუმცა, მასპინძლებმა პირველივე ტაიმში ვერ შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება. 35-ე წუთზე სენტ-ეტიენის შემტევმა, ლეო პეტრომ ანგარიში 2:1 გახადა და შესაბამისად, ორმატჩიან დუელში წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა და გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, რომელშიც უფრო ძლიერი სტუმარი გუნდი აღმოჩნდა. მეორე დამატებულ ტაიმში, იბრაჰიმა ვადჯიმ „მეცის“ კარში მეორე გოლი გაიტანა და შედეგად, სენტ-ეტიენმა ორმატჩიან დუელში 3:2 გაიმარჯვა.
შესაბამისად, მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენი“ ითამაშებს, „მეცი“ კი ლიგა 2-ში დაქვეითდა.