„ფროზინონეს მისი გამოსყიდვა შეუძლია და სათამაშო დროც უნდა მიეცეს“ - იტალიური სააგენტო კვერნაძეზე
იტალიურმა „ფროზინონემ“ გიორგი კვერნაძე შესაძლოა შესაძლოა „კოლხეთი 1913“-დან გამოისყიდოს.
„ფროზინონესთან“ დაახლოებული სააგენტო Tuttofrosinone.com-ი წერს, რომ სერია B-ში დაქვეითების შემდეგ კლუბის ხელმძღვანელები აქცენტს ახალგაზრდების თამაშზე გააკეთებენ და ამაში, შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი როლი ქართველ ტალანტს ჰქონდეს.
რა წერია სტატიაში:
„როდესაც კლუბის ტექნიკური არეალი განისაზღვრება და ახალი მწვრთნელი დაინიშნება, ხელმძღვანელები დაიწყებენ ფიქრს იმაზე, თუ როგორ მოემზადოს უკეთ ჯერ მთავარ ლიგაში დასაბრუნებლად, შემდეგ კი ადგილის შესანარჩუნებლად. მთავარი მიზანი კვლავ გუნდის ახალგაზრდებზე აწყობა იქნება და მათ შორის იქნება გიორგი კვერნაძეს, რომელსაც წინა სეზონში სათამაშო დრო თითქმის არ მისცემია. კლუბს მისი გამოსყიდვა 3 მილიონ ევროდ შეუძლია“.
„კოლხეთი 1913-დან ჩასულ შემტევს გასულ სეზონში „ფროზინონეს“ შემადგენლობაში კვალი არ დაუტოვებია. დი ფრანჩესკომ მოედანზე სულ რაღაც 5-ჯერ შეუშვა სერია A-ში და სამჯერ იტალიის თასზე. პარალელურად, მას საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში მუდმივად იწვევდნენ და სათამაშო დროსაც ბლომად აძლევდნენ. თუ კლუბი სერია A-ში ადგილს შეინარჩუნებდა, მისი გამოსყიდვის ძალიან დაბალი შანსი იქნებოდა, მაგრამ სერია B-ში დაქვეითებით შესაძლოა, სცენარი მნიშვნელოვნად შეიცვალოს. კვერნაძე უნდა გაიზარდოს და იტალიური ფეხბურთის გემო უფრო მეტად უნდა შეიგრძნოს. მომავალ სეზონში აქცენტი ძირითადად ახალგაზრდებზე გაკეთდება და შესაძლოა, მისი ზრდისთვის ეს გადამწყვეტიც იყოს. მას მეტი სათამაშო დრო უნდა მიეცეს“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძე ამ დრომდე კოლხეთი 1913-ის საკუთრებაა და „ფროზინონესთან“ საიჯარო ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისს ეწურება. მის გამოსყიდვასთან დაკავშირებით, იტალიური კლუბის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.