ნიუკასლი და ჩელსი - მამარდას ორი რეალური ვარიანტი
საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალი ჯერჯერობით, კვლავ ბურუსით არის მოცული. ქართველი მეკარის დამატებით რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება, თუმცა, თუ უცხოურ მედიას დავუჯერებთ, დღეისთვის, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი „ნიუკასლ იუნაიტედია“.
„კაჭკაჭები“ რამდენიმე თვეა მამარდაშვილის გარემოცვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ 23 წლის მეკარე მომავალი სეზონიდან მათ შემადგენლობაში იხილონ. „ნიუკასლთან“ დაახლოებული გამოცემა Chroniclelive.co.uk-ი წერს, რომ კლუბის ხელმძღვანელები მზად არიან მამარდაშვილის ტრანსფერში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ, თუმცა, თუ „ვალენსია“ მამარდას გაყიდვას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე გადადებს, შესაძლოა, მისი ღირებულება 40 მილიონ ევრომდეც გაიზარდოს, რაც „ნიუკასლის“ გეგმებს მნიშვნელოვნად გაართულებს.
Chroniclelive.co.uk-ი წერს, რომ „ნიუკასლს“ მამარდაშვილისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი კონკურენტი გამოუჩნდა - ლონდონის „ჩელსი“. „არისტოკრატებმა“ გასულ სეზონში რამდენჯერმე მიავლინეს კლუბის სკაუტები „ვალენსიას“ მატჩებზე, რათა მამარდაშვილის თამაში ახლოდან საკუთარი თვალით ენახათ. ლონდონში გიორგის ყიდვას განიხილავენ, თუმცა, ქართველის გარდა, კლუბს მხედველობაში ფილიპ იორგენსენი („ვილიარეალი“) და ალვარო ვალესიც („ლას პალმასი“) ჰყავთ.
ბრიტანული გამოცემა „ნიუკასლს“ ურჩევს, რომ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი რაც შეიძლება მალე დახუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ქართველის ფასი შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს.
გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში „ვალენსიას“ მაისურით 37 მატჩი ჩაატარა და 41 გოლი გაუშვა, კარი კი მშრალად 13 შეხვედრაში შეინახა. ასევე, 23 წლის მეკარემ საქართველოს ნაკრებთან ერთად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა.