კვარასთვის ბრძოლა გრძელდება - პსჟ-მა და ნაპოლიმ შეთავაზებები გაზარდეს
იტალიაში ცნობილი სპორტული ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტი, ნიკოლო შირა ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
შირას ინფორმაციით, „ნაპოლი“ მზადაა, რომ ქართველი ფეხბურთელის გარემოცვას ახალი წინადადება შესთავაზოს, რაც ხელფასის სახით წლიურად 5.5 მილიონ ევროსა და ხელშეკრულების 2029 წლამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
შირა წერს, რომ ნეაპოლური კლუბის მომავალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს და მთავარი მიზანი ქართველის შენარჩუნება იქნება. მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას უახლოეს დღეებში მიუსხდებიან.
#Napoli are ready to increase their bid to 5,5M/year until 2029 to keep Kvicha #Kvaratskhelia and to convince him to stay and to extend the contract. #Conte considers Kvara a potential world top player. Expected new talks between Manna and his agent in the next days. #transfers
— Nicolò Schira (@NicoSchira) June 2, 2024
პარალელურად, იტალიურ მედიაში იწერება, რომ პსჟ-მა კვარას სანაცვლოდ „ნაპოლის“ გაზრდილი შეთავაზება წარუდგინა. გავლენიანი სააგენტოების მტკიცებით, პარიზული კლუბი მზადაა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 110 მილიონი ევრო გადაიხადოს, აქამდე კი შეთავაზება 100 მილიონ ევროს შეადგენდა. ასევე იწერება, რომ პარიზელები 130 მილიონი ევროს გადასახდელადაც მზად არიან და ამასთან, ხელფასის სახით 7.5 მილიონ ევროსაც სთავაზობენ.
საბოლოოდ, ყველაფერი აურელიო დე ლაურენტისზე იქნება დამოკიდებული. „ნაპოლის“ პრეზიდენტმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ ზაფხულს ხვიჩას გუნდიდან არ გაუშვებს, თუმცა, იტალიური მედია წერს, რომ გრანდიოზული შეთავაზების შემთხვევაში, დე ლაურენტისი ტრანსფერზე უარს ვერ იტყვის.