კონფლიქტი რეალის და უემბლის უსაფრთხოების სამსახურს შორის - მიზეზი კურტუას ცოლია
მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგო. სამეფო კლუბმა ფინალში დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა.
მატჩის დასრულების შემდეგ, იქამდე, სანამ ბლანკოსი ოფიციალურ ზეიმს დაიწყებდა, ტრიბუნაზე კონფლიქტი წარმოიშვა.
კონფლიქტის მონაწილეები მადრიდის რეალის უსაფრთხოების სამსახური და სტადიონის სტიუარდები იყვნენ.
MARCA-ს ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სტიუარდებმა მოედანზე თავდაპირველად ტიბო კურტუას ცოლი არ შეუშვეს, რის შემდეგაც სიტუაციის გარკვევა სამეფო კლუბის უსაფრთხოების სამსახურმა სცადა.
მათ შესაბამისი აკრედიტაცია ჰქონდათ და სტადიონის ნებისმიერ ზონაში შეეძლოთ შესვლა. უემბლის სტადიონის დაცვამ არც რეალის უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნა გაითვალისწინა და მეტიც, დაჯილდოების ცერემონიაზე თავიდან არც მათ უშვებდა.
MARCA გვთავაზობს კადრებს, რომლებშიც ფიზიკური დაპირისპირებაც კი ჩანს. წყაროს ცნობით, საბოლოოდ ყველაფერი უეფა-ს დელეგატებმა გაარკვიეს. ამის შემდეგ, მოედანზე ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც შევიდნენ და მადრიდული გრანდის უსაფრთხოების სამსახურიც.