მანა და ჯუღელი ერთმანეთს შეხვდნენ - ბოლო ცნობები ხვიჩას მომავალზე
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი იტალიური მედიისთვის კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის საკითხია.
Corriere dello Sport წერს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ნაპოლის ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და გარკვეული დაპირებები გაიცა.
რას წერს გამოცემა?
„კვარაცხელიამ ნაპოლიში პირველი კონტრაქტი 2027 წლის ჩათვლით გააფორმა და მისი ანაზღაურება 2 მილიონ ევროზე ნაკლებია. ჯოვანი მანა მამუკა ჯუღელს დაჰპირდა, რომ ქართველ ფეხბურთელს ხელშეკრულებას 2029 წლამდე გაუხანგრძლივებს და მისი ხელფასი ორჯერ გაიზრდება.
როგორც ჩანს, ეს მოლაპარაკება ისეთი მიუღწეველი აღარ ჩანს, როგორც რამდენიმე კვირის წინ იყო. ჯუღელი და მანა განახლების პირობით და შეთანხმების მიღწევის სურვილით ერთმანეთს დაემშვიდობნენ.
ამ მომენტისთვის გეგმა არტიკულირებული და რთულია. ყველაფერს დრო სჭირდება. მიმდინარეობს პრემიების განხილვა, რომელსაც აშკარად გადამწყვეტი როლი ექნება კონტრაქტის გახანგრძლივებაში.“
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას პარი სენ ჟერმენი ეპატიჟება. ფრანგულმა გუნდმა მის სანაცვლოდ ნაპოლის 110 მილიონი ევრო შესთავაზა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი გუნდის შეცვლაზე თანახმაა, თუმცა დე ლაურენტისი სხვა აზრზეა. ასევე გასათვალისწინებელია ანტონიო კონტეს ფაქტორი. სულ მალე ის პარტენოპეის ოფიციალურად ჩაიბარებს და მისი მოთხოვნა ხვიჩას გუნდში დარჩენაა.