„მკვლელის ინსტიქტი დაგვაკლდა“ - ტერზიჩმა მატჩი შეაფასა
დორტმუნდის „ბორუსია“ უკანასკნელ თერთმეტ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გავიდა და ამჯერადაც დამარცხდა. ის, რისი გაკეთებაც 2013 წელს იურგენ კლოპმა ვერ შეძლო, ასევე ვერ მოახერხა ედინ ტერზიჩმაც, რომელიც „რეალთან“ (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ იმედგაცრუებული, თუმცა თავისი გუნდის ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ჩანდა.
რა თქვა ტერზიჩმა
მატჩის საბოლოო შედეგი არ არის ის, რაც დავიმსახურეთ. „დორტმუნდმა“ ბრწყინვალე თამაში ჩაატარა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ დაგვაკლდა ის, რაც მეტოქეს აქვს - მკვლელის ინსტიქტი. ალბათ, სწორედ ამიტომ „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთხელ მოგება დაიმსახურა.
ტერზიჩის ხელმძღვანელობით წლევანდელ სეზონში „ყვითლებმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში 63 ქულით მეხუთე პოზიცია დაიკავეს და ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე მომდევნო სეზონშიც იასპარეზებენ. ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო შედეგი „ბორუსიამ“ 1997 წელს, ოტმარ ჰიტცფელდის ხელმძღვანელობით აჩვენა, როდესაც გადამწყვეტ შეხვედრაში „იუვენტუსი“ 3:1 დაამარცხა და ოქროს მედლები მოიპოვა.