ნაჩო: “ახლა კაპიტნის რანგში მოვიგე, ეს განსაკუთრებული მომენტია“
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის რეალმა დორტმუნდის ბორუსია დანი კარვახალისა და ვინისიუს ჟუნიორის გოლებით დაამარცხა. სამეფო კლუბმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მეთხუთმეტედ მოიგო.
მატჩის დასრულების შემდეგ, ბლანკოსის კაპიტანმა ნაჩო ფერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ნაჩო:
„მთელი ცხოვრება უერთგულო ერთ კლუბს დიდი მოტივაციაა. ამ მიზნის მიღწევა ძვირი ჯდება და დღეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეა. ძალიან რთული მატჩი გამოვიდა და დავიტანჯეთ.
მიუხედავად ამისა, ვიცით, თუ როგორ უნდა დავრჩეთ მტკიცეთ ისეთ მომენტებში, როცა მოწინააღმდეგე გუნდი გიტევს. კიდევ ერთი ევროპის თასი მოვიგეთ და ისტორია შევქმენით, რომელიც უნდა გავაგრძელოთ.
თასი რაც შემეძლო მაღლა ავწიე. ეს ყველაზე განსაკუთრებული მომენტია, რადგან ახლა კაპიტანი ვარ! ოცნებები ხდება! ახლა მომავალზე საუბარი არ მსურს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კლუბთან ერთად ისტორიას ვაგრძელებ. ეს ერთადერთია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.“
შეგახსენებთ, რომ ნაჩო ფერნანდესი სამუდამო ისტორიაში შევიდა. ესპანელი უკანახაზელი ლუკა მოდრიჩთან, ტონი კროოსთან და დანი კარვახალთან ერთად გახდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ(6-ჯერ) მოიგო.