ერთი მსახიობის თეატრი - მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო
მორიგი ფინალი და „რეალის“ მორიგი გამარჯვება. მადრიდელებმა ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე დორტმუნდის „ბორუსია“ 2-0 დაამარცხეს და ჩემპიონთა ლიგა არსებობის ისტორიაში მეთხუთმეტედ მოიგეს, მათმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კი ამ ტურნირის ოქროს მედლები კარიერაში მეხუთედ მოიპოვა.
პირველ ნახევარში დორტმუნდელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ტიბო კურტუას კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შეიქმნა. „ბორუსიას“ დაწინაურება კარიმ ადეიემის, ნიკლას ფულკრუგსა და მარსელ ზაბიცერს შეეძლო, თუმცა ყველა შემთხვევაში ბელგიელი კიპერი მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.
მეორე ტაიმი ტონი კროოსის სახიფათო საჯარიმო დარტყმით დაიწყო, რომელიც გრეგორ კიობელმა მოიგერია. სამაგიეროდ, ცოტა ხანში მადრიდის კლუბის გერმანელმა ლეგენდამ, რომელიც ამ გუნდის მაისურით უკანასკნელ შეხვედრას ატარებდა, გადამწყვეტი სიტყვა მაინც თქვა და კუთხურიდან მისი ჩაწოდების შემდეგ სამეფო კლუბი თავური დარტყმით დანიელ კარვახალმა დააწინაურა. დარჩენილ დროში ბურთის გატანა ჯერ ჯუდ ბელინგემს, შემდეგ კი ედუარდო კამავინგას შეეძლო, თუმცა პირველ შემთხვევაში „ყვითლები“ შლოტენბერგმა, მეორეში კი კიობელმა გადაარჩინა. სამაგიეროდ, „დორტმუნდი“ ვეღარავინ იხსნა ვინისიუს ჟუნიორის დარტყმის შემდეგ, რომელსაც საგოლე გადაცემა ბელინგემმა მიაწოდა და ბრაზილიელმა თავის მეორე ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორე ბურთი გაიტანა. 88-ე წუთზე ნიკლას ფულკრუგმა შეძლო თავის გამოჩენა, თუმცა მისი გოლი თამაშგარის გამო გაუქმდა.
სამეფო კლუბმა ბოლო ათ წელიწადში ჩემპიონთა ლიგა მეექვსედ მოიგო და „ბლანკოსის“ სამმა ფეხბურთელმა, ლუკა მოდრიჩმა, დანი კარვახალმა და ტონი კროოსმა მეექვსე ფინალი ითამაშეს, რითაც კრიშტიანუ რონალდუსა და პაოლო მალდინის მიღწევა გაიმეორეს.