დინამო თბილისმა 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბისთვის Crystalbet ეროვნული ლიგის მე-18 ტური წარმატებული გამოდგა. თბილისის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე „გაგრა“ 2:0 დაამარცხა და 4-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
პირველი ტაიმის ყველაზე საინტერესო ეპიზოდი 36-ე წუთზე მოხდა, როდესაც მატჩის მთავარმა არბიტრმა ირაკლი ხერხაძემ ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ, მათე ვაწაძის გოლი გააუქმა. გიორგი პაპუაშვილის ძლიერ დარტყმას „გაგრას“ 35 წლის კაპიტანმა შედეგიანად დაამატა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
48-ე წუთზე ანგარიში დომინიკ საიმონმა გახსნა - ფრანგმა მცველმა გიორგი მოისწრაფიშვილის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებით ისარგებლა და „დინამო“ თავური დარტყმით დააწინაურა. „ბევერენიდან“ მშობლიურ კლუბში დაბრუნებულმა მოისწრაფიშვილმა წინა ტურში გოლის გატანის შემდეგ, ამჯერად საგოლე გადაცემა შეასრულა. არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეშვიდე წუთზე, ვახტანგ სალიამ მათე ცინცაძის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თბილისელთა 16 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 3 გოლი და 2 საგოლე პასია.
თვრამეტი ტურის შემდეგ თბილისის „დინამოს“ 22 ქულა აქვს და „გაგრას“ სამი ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას Crystalbet ეროვნულ ლიგაში საქართველოს 19-გზის ჩემპიონი „დინამო არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალთან“ გამართავს, გაგრელები კი სტუმრად გორის „დილას“ შეხვდებიან.