გველესიანის გოლით - პერსეპოლისი ირანის ჩემპიონი გახდა
ირანის საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული „პერსეპოლისი“ არსებობის ისტორიაში მეთექვსმეტედ გახდა, საჩემპიონო ბურთი კი გიორგი გველესიანმა გაიტანა, რომელიც წლევანდელ სეზონში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო და დაცვაში საიმედო ასპარეზობის გარდა, შედეგიანობითაც გამოირჩეოდა.
პრო ლიგის უკანასკნელ ტურში „პერსეპოლისი“ საკუთარ სტადიონზე „მეს რაფსანჯანს“ 85-ე წუთამდე ვერ ამარცხებდა და იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში უშუალო კონკურენტი „ესტეღლალი“ „პაიკანს“ პრობლემების გარეშე უგებდა, სამი ქულა ჰაერივით სჭირდებოდა. ასეთ რთულ და გადამწყვეტ მომენტში კი გუნდს მსხნელად 33 წლის ქართველი ცენტრალური მცველი მოევლინა, რომელმაც სეზონში რიგით მეექვსე და ტიტულის მომტანი გოლი გაიტანა. ექვსი ბურთიდან გველესიანმა სამი თამაშიდან, სამი კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით შეაგდო.
გველესიანს კარიერის მანძილზე თბილისის „დინამოში“, „ზობ აჰანში“, „ნასაჯიში“ და „სეფაჰანში“ უთამაშია. „დინამოში“ ასპარეზობისას ის 3-ჯერ (2013, 2014, 2016) საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ (2013, 2014, 2015, 2016) დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი და 2-ჯერ (2015, 2016) საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა. შარშანდელ სეზონში კი „პერსეპოლისის“ შემადგენლობაში ტრიპლეტი შეასრულა და ირანში ყველა შესაძლო საკლუბო ჯილდო მოიგო.