წაგების შემთხვევაში მეტ ფულს მიიღებენ - დორტმუნდის კომიკური მდგომარეობა
უეფა მისი ეგიდით გასამართი თითოეული ტურნირის საპრიზო ფონდს სეზონის დაწყებამდე ადგენს და შესაბამისად, წინა ზაფხულშივე ცნობილი იყო, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 20 მილიონ ევროს, ვიცე-ჩემპიონი კი 15 მილიონ 500 ათასს მიიღებდა. სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა, მაგრამ წლევანდელი ფინალის ერთ-ერთი მონაწილე „ბორუსია“ უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მარცხის შემთხვევაში მეტ ფულს გამოიმუშავებს.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ჯუდ ბელინგემის მადრიდის „რეალში“ ტრანსფერის დროს, მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, თუ ინგლისელი ფეხბურთელი სამეფო კლუბის შემადგენლობაში პირველივე სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მოიგებდა, დორტმუნდელები ბონუსის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებდნენ. შედეგად, ახლა ასეთი სიტუაცია იქმნება - თუ „ყვითლები“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდებიან, 20 მილიონს აიღებენ, თუ დამარცხდებიან - 20 მილიონ 500 ათას ევროს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გერმანელებისთვის ამ 500 ათასს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თავად სიტუაცია საკმაოდ კომიკურია.
რამდენიმე ესპანური სპორტული გამოცემა იმასაც იტყობინება, რომ ბელინგემის ლიგაზე გამარჯვების შემთხვევაში „ბორუსიას„ დამატებით არა 5, არამედ 20 მილიონიც ეკუთვნის, თუმცა ამას არც ერთი მხარე არ ადასტურებს. სამაგიეროდ ის დაზუსტებით არის ცნობილი, რომ თუ ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ინგლისელი ზედიზედ ექვს სეზონში მოხვდება, მადრიდელები დორტმუნდელებს კიდევ 2 მილიონს ჩაურიცხავენ.