ექვსიდან სამი ხუთეულშია - ქართველი მოჭიდავეების პოზიციები მსოფლიო რეიტინგში
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები -ოთხი, ბერძნულ-რომაული კი ორკაციანი შემადგენლობით იასპარეზებს. წლის მთავარ სპორტულ ფორუმზე ჩვენი ქვეყნის სახელით ხალიჩაზე „კლასიკოსებიდან“ რამაზ ზოიძე (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილი (97 კგ), თავისუფლებიდან კი გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) გავლენ.
რამაზ ზოიძეს (67 კგ) სალიცენზიო შეჯიბრებაზე გამოსვლამდე ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა აღებული და ბევრი ტურნირის გამოტოვება მოუწია, რის გამოც რეიტინგში შედარებით დაბალ პოზიციაზეა. რაც შეეხება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის მეორე ქართველ ლიცენზიანტს, რობერტ კობლიაშვილი (97 კგ) 24-ე ადგილზეა, წონის საწყის სამეულში კი სომეხი არტურ ალექსანიანი, რუსი აბუბაქარ ხასლახანაუ და კუბელი გაბრიელ ალეხანდრო კინდელანი არიან.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ბერძნულ-რომაულთან შედარებით ზაფხულის ოლიმპიადაზე უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავს და რეიტინგშიც უკეთესი მდგომარეობაა. გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), რომლისთვისაც ეს სადებიუტო ოლიმპიური თამაშები იქნება, 28-ე პოზიციას იკავებს და მასზე წინ არის მეორე ქართველი ედემი ბოლქვაძე (23-ე), რომელიც ლიცენზიის გარეშე დარჩა. პირველ პოზიციას კი სომეხი ვაზგენ ტევანიანი იკავებს, რომელიც ირანელ რაჰმან მუსა ამუზადხალილსა და პუერტო რიკოელ სებასტიან რივერას მცირედით უსწრებს. ძებისაშვილის მსგავსად, პირველად იასპარეზებს ოლიმპიადაზე ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ), რომელიც 37 ათასი ქულით მესამე ადგილზეა და მასზე წინ მხოლოდ რუსი აჰმედ უსმანოვი (60 ათასი) და ირანელი მოჰამად აშგარ ნოჰოდილარიმი (52 000) არიან.
გივი მაჭარაშვილი (97 კგ), რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა, თავის წონაში მეოთხე ადგილს იკავებს და ბაჰრეინის წარმომადგენელ აჰმედ მაგომედ ტაზუდინოვს, ამერიკელ კაილ სნაიდერსა და აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვს ჩამორჩება. რაც შეეხება მსოფლიოს სამგზის ჩემპიონსა და ოლიმპიადების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორ გენო პეტრიაშვილს (125 კგ), ის რეიტინგის მეორე ნომერია და მხოლოდ ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე უსწრებს. გენოს მარადიული კონკურენტი ტაჰა აკგული - მეოთხე, აზერბაიჯანის სახელით მოჭიდავე ქართველი გიორგი მეშვილდიშვილი კი მეშვიდე პოზიციას იკავებს.