ქართველების ფრე პირველ ტურში - ბოსნიაში მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო
ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში დღეს მინი ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, სადაც კონტინენტის 24 საუკეთესო გუნდთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს. პირველი ტურის შეხვედრაში ბესო არველაძის მომზადებული ქართველი ფეხბურთელები სერბეთის ნაკრებს შეხვდნენ და ფრედ 2:2 ითამაშეს.
ანგარიში მე-16 წუთზე მეტოქემ გახსნა, როდესაც მათი კაპიტნის, ალექსანდრ იგნიევიჩის თავური დარტყმა გზად ზურაბ ლუკავას მოხვდა და ბურთი ჩვენი გუნდის კარში რიკოშეტის შედეგად გავიდა. თუმცა, ზუსტად ექვს წუთში, სერბების მეკარის შეცდომა ქართველებმა კარგად გამოიყენეს და საბა ფარცვანიამ წონასწორობა აღადგინა.
შესვენების შემდეგ კიდევ ორი ბურთი გავიდა - მეორე ტაიმის მე-10 წუთზე შორიდან დარტყმით საქართველოს ნაკრები კაპიტანმა გარი წერეთელმა დააწინაურა, თუმცა ანგარიში კიდევ ერთხელ სულ რაღაც ერთ წუთში გათანაბრდა. მთავარმა არბიტრმა ვიდეორეფერისთან გადამოწმების შემდეგ, ხარატიშვილის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და დანიშნული პენალტი ზუსტად სერბების კაპიტანმა შეასრულა.
მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები 3 ივნისს, ბულგარელებთან გამართავს და თამაში თბილისის დროით 20:15 წუთზე დაიწყება. ჯგუფურ ეტაპს კი ბესო არველაძის გუნდი 4 ივნისს პორტუგალიელებთან დაპირისპირებით დაასრულებს.