ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი, მამუკა ჯუღელი
Aa
Aa

ერთგულების ბონუსი, გამოსასყიდი - ნაპოლი დათმობებზე მიდის?

დღეს დილიდან კვარაცხელიას ტრანსფერის ირგვლივ იტალიურ და ფრანგულ პრესაში დიდი ხმაურია . პრაქტიკულად ყველა გამოცემა ორ რამეს წერს: ხვიჩამ პსჟ-ს პირადი კონტრაქტის დეტალები შეუთანხმა და „ნაპოლი“ ქართველის გაშვებაზე კვლავ უარს აცხადებს, ამის მიზეზად ანტონიო კონტეს მოთხოვნა სახელდება.

ნეაპოლელთა ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელიც ორშაბათს ოფიციალურად იქნება წარდგენილი, სურს, რომ კვარა მისი გუნდის შეტევის მთავარი ფიგურა იყოს.

Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას გაყიდვაზე უარს აცხადებს, თუმცა დე ლაურენტისი ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებისას ამჟამად სუსტ პოზიციაში იმყოფება. კლუბი ხვიჩას 4 მილიონსა და ბონუსებს სთავაზობს, მამუკა ჯუღელს კი სუფთა 5 მილიონი და პლუს ბონუსები სურს. მხარეები ვერ თანხმდებიან და საშიშროებას ის ქმნის, რომ „პარტენოპეის“ პრეზიდენტს უკვე პირობების კარნახი აღარ შეუძლია.

წყარო ასევე წერს, რომ ანტონიო კონტე დე ლაურენტისს მოლაპარაკებების დროს შეუთანხმდა, რომ კვარაცხელია მისთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა, რადგან ახალი „ნაპოლის“ მშენებლობისთვის ქართველი ფუნდამენტური ფიგურა უნდა იყოს.

ამჟამინდელი ვითარება ასეთია: „ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა მამუკა ჯუღელს შეხვდა, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო შეთანხმება ჯერაც შორს არის. კვარაცხელიას გარემოცვა აფასებს იმას, რომ გუნდში ანტონიო კონტეს დონის მწვრთნელი მოდის, თუმცა მათ სურთ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს შეთანხმება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. წინ ბევრი სამუშაოა, მაგრამ პროგრესის სურვილი ორივე მხარეს აქვს და ეს უკვე მნიშვნელოვანი ფაქტია.

ახლა „ნაპოლის“ შესაძლოა მოუწიოს დათმობაზე წასვლა და კონტრაქტში გამოსასყიდი ღირებულების ჩაწერა, რომელიც 2025 წლის ზაფხულიდან ამოქმედდება, რაც კვარაცხელიას გუნდიდან მშვიდად წასვლის საშუალებას მისცემს, ისევე როგორც ეს ვიქტორ ოსიმენის შემთხვევაში მოხდა. ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ერთგულების ბონუსი, რომელიც ხვიჩა პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე უარის თქმისთვის და „ნაპოლის“ მაისურს კიდევ 1 წლით ტარებისთვის გადაეცემა.

ეს ფეხბურთში დანერგილი პრაქტიკაა. მაგალითად, მბაპემ პსჟ-ში ერთით მეტი სეზონის გატარებისთვის და „რეალში“ გადასვლაზე უარის თქმის სანაცვლოდ, წლიური ხელფასის გარდა ერთგულების ბონუსის სახით პსჟ-სგან დაახლოებით 50 მილიონი ევრო მიიღო. რა თქმა უნდა, „ნაპოლის“ შემთხვევაში თანხის მსგავსი რაოდენობა სავარაუდოდ არასდროს დაფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი: მინდა ჩემს ნაკრებთან და ქვეყანასთან ერთად ვისიამოვნო
ქოჩორაშვილი: მინდა ჩემს ნაკრებთან და ქვეყანასთან ერთად ვისიამოვნო