ნაკრების მე-3 ვარჯიში ავსტრიაში - გუნდს 6 ფეხბურთელი შეუერთდა
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ავსტრიაში იმყოფება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს.
31 მაისს ვილი სანიოლის გუნდმა მესამე ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია და ბუდუ ზივზივაძე.
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ეროვნული ნაკრები სრული შემადგენლობით მომავალი კვირიდან ივარჯიშებს.
დღეს გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი შეუერთდნენ.
საწვრთნელი პროცესისა და მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის წინ ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.
„ჯერჯერობით კვლავ არასრული შემადგენლობით ვემზადებით. რამდენიმე ფეხბურთელი საკლუბო სეზონის დასრულების შემდეგ შემოგვიერთდება. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოცია აქვს – უფრო მშვიდად ვემზადებით და ნაკლებად ვნერვიულობთ. ვიცით რა ტურნირი გველოდება წინ.
ჩემი აზრით, ავსტრიაში კარგი მოსამზადებელი შეკრება გამოგვივა და შესაბამისი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით, შედეგიც გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სანიოლის გუნდი 9 ივნისს პოდგორიცაში მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
ევრო 2024, ჯგუფის მატჩები
18 ივნისი: დორტმუნდი, 20:00 | თურქეთი vs საქართველო
22 ივნისი: ჰამბურგი, 17:00 | საქართველო vs ჩეხეთი
26 ივნისი: გელზენკირხენი, 23:00 | საქართველო vs პორტუგალია