ყველაფერი შეთანხმებულია - კონტე ნაპოლის მწვრთნელი ხდება
ყველაფერი ისე მიმდინარეობს, რომ ანტონიო კონტე მალე „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.
ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლის დროსაც ერთ მომენტში ჯან პიერო გასპერინი ნეაპოლელთა მთავარ სამიზნედ იქცა, საბოლოოდ მაინც ისე სრულდება, როგორც აურელიო დე ლაურენტისს სურდა - კონტე გუნდის ახალი მწვრთნელი იქნება.
Sportitalia-ს ცნობით, მხარეებს შორის არსებული დაბრკოლებები, მცირე უთანხმოებები დაძლეულია და ორშაბათისთვის კონტეს ოფიციალურ წარდგენას ელიან.
სამშაბათისთვის კი პრესისთვის ოფიციალური ცერემონია იგეგმება, რომელიც ნეაპოლის თეატრ „სან კარლოში“ უნდა გაიმართოს.
წყარო წერს, რომ კონტეს წლიური ანაზღაურება 10 მილიონი ევრო იქნება. თავის დროზე სპალეტი სწორედ დაუფასებლობისა და ფინანსური სიძუნწის გამო წავიდა. ამჯერად დე ლაურენტისი იმავე შეცდომის გამეორებას არ აპირებს.
აქვე გეტყვით, რომ კონტეს მოთხოვნით ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერი შეჩერებულია. თუ, იტალიურ პრესას ვენდობით, ახალ მწვრთნელს კვარას დიდი იმედი აქვს და მის ხელშეუხებლობას ითხოვს.