იურგენ კლოპი, ტომას ტუხელი, ედინ ტერზიჩი, მარკო როზე, სლავენ ბილიჩი, ლუსიენ ფავრი
Aa
Aa

სკაუტობიდან დორტმუნდის გმირობამდე - ედინ ტერზიჩის ისტორია

დორტმუნდის „ბორუსიას“ კვალიფიციური ფეხბურთელები არასოდეს აკლდა, თუმცა იურგენ კლოპის წასვლის შემდეგ, „ყვითლების“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაყვანა ედინ ტერზიჩამდე ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეძლო. 2015 წლიდან 2022 წლამდე ვესტფალიელებმა ტომას ტუხელის, პეტერ ბოშის, პეტერ შტიოგერის, ლუსიენ ფავრესა და მარკო როზეს სახით ხუთი მწვრთნელი გამოიცვალეს, მაგრამ სანამ ტერზიჩი არ მოვიდა, 2013 წლის წარმატების გამეორება, ანუ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლების მოპოვება არ მოხერხდა.

ედინ ტერზიჩი 1982 წლის 30 ოქტომბერს დასავლეთ გერმანიის ქალაქ მენდენში, იუგოსლავიიდან ემიგრირებულ ოჯახში დაიბადა. მამა ბოსნიელი, დედა კი ხორვატი ჰყავს, რის გამოც მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს და როგორც გერმანული, ასევე ხორვატული პასპორტით სარგებლობს. ედინის უფროსი ძმა ალენი დორტმუნდის „ბორუსიას“ დასავლეთ რეგიონალ ლიგის სკაუტინგის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობს. რაც შეეხება თავად „ბორუსიას“ ამჟამინდელ თავკაცს, ფეხბურთელობის დროს ის გერმანიის დაბალ ლიგებში ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა, რის შემდეგაც სკაუტის პროფესია აითვისა, პარალელურად კი „დორტმუნდის“ ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელად მუშაობდა. ამას მოჰყვა დროებით ვესტფალიის დატოვება და სლავენ ბილიჩის ასისტენტად „ბეშიქთაშსა“ (2013-2015) და „ვესტ ჰემში“ (2015-2017) მუშაობა, რამაც საშუალება მისცა უეფას ლიცენზია აეღო. სხვათა შორის, სამწვრთნელო კურსები ინგლისში გრემ პოტერთან, ნიკი ბატთან და ნემანია ვიდიჩთან ერთად გაიარა.

„დორტმუნდში“ ის 2018 წელს დაბრუნდა და ლუსიენ ფავრეს ასისტენტად დაინიშნა. 2018-2019 წლების სეზონში კი „ჰოფენჰაიმთან“ ბუნდესლიგის ერთ-ერთ კალენდარულ შეხვედრაში, ტერზიჩი თავის ასისტენტ მანფრედ სტეფერსთან ერთად იძულებული გახდა გუნდი მოედანზე გაეყვანა, რადგან ფავრეს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. 2020 წლის დეკემბერში, „შტუტგარტთან“ (1:5) განცდილი მარცხის გამო, შვეიცარიელ სპეციალისტს კარისკენ მიუთითეს და მის ნაცვლად ედინი დანიშნეს. ნახევარსეზონიანი მუშაობის დროს მან დორტმუნდელებს გერმანიის თასი ფინალში „ლაიპციგის“ 4:1 დამარცხების შედეგად მოაპოვებინა. თუმცა, კლუბის ხელმძღვანელებმა ის პოსტზე მაინც არ დატოვეს და მთავარ მწვრთნელად „გლადბახიდან“ მასზე უფრო გამოცდილი და სახელოვანი მარკო როზე მოიწვიეს.

სანამ როზე გუნდს ავარჯიშებდა, ტერზიჩს კლუბის ტექნიკური დირექტორის თანამდებობა ეკავა, თუმცა როგორცკი დღის წესრიგში ახალი მწვრთნელის დანიშვნის საკითხი დადგა, არჩევანი ისევ მასზე შეჩერდა და კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს. ტერზიჩს შარშანვე შეეძლო კლუბისთვის ნანატრი ტიტულის მოგება და გერმანიის ბუნდესლიგაში „ბაიერნის“ მრავალწლიანი ჰეგემონიის დამხობა, მაგრამ ბოლო ტურში „სიგნალ იდუნა პარკზე“ ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა - დორტმუნდელებმა უმოტივაციო „მაინცი“ (2:2) ვერ დაამარცხეს და „ვერცხლის სინი“ ხელიდან გაუშვეს. სამაგიეროდ, ახლა არიან ახლოს ბუნდესლიგის ოქროს მედლებზე კიდევ უფრო ფასეული, ჩემპიონთა ლიგა მოიგონ და 11-წლიანი პაუზის შემდეგ, „ბორუსია“ 41 წლის ტერზიჩის მეთაურობით, ევროპის უმაღლეს საფეხბურთო მწვერვალზე ასვლას კიდევ ერთხელ შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ უნდა მოვიგოთ უემბლიზე? - ჰუმელსის და ტერზიჩის კომენტარები
რატომ არ უნდა მოვიგოთ უემბლიზე? - ჰუმელსის და ტერზიჩის კომენტარები