კურტუა ძირითადში იქნება - ანჩელოტი ფინალის წინ
ხვალ, უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება „რეალი“ – „დორტმუნდის“ ფინალური მატჩით დასრულდება, რომელსაც „უემბლის“ სტადიონი უმასპინძლებს. სხვა ბევრ ფაქტორებთან ერთად, ესპანელები უდავო ფავორიტებად მათი მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ფენომენალური კარიერისა და კოლოსალური გამოცდილების გამოც ითვლებიან, რომლის სამწვრთნელო კარიერაშიც ეს ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე რიგით მეექვსე ფინალი იქნება. წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე სამეფო კლუბის 64 წლის იტალიელმა დამრიგებელმა საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა.
რა თქვა ანჩელოტიმ
ერთ-ერთ ვარჯიშზე ხოსელუს გავეხუმრე და ვუთხარი, რომ წესით ახლა უკვე შვებულებაში უნდა ვიყოთ, თუმცა მის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ვემზადებით. „რეალთან“ ერთად ამ ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა პირველად ზუსტად ათი წლის წინ ჩავატარე და მას შემდეგ უდიდესი გამოცდილება შევიძინე. ყველაზე უნიკალური და გასაოცარი კი ის გახლავთ, რომ „ატლეტიკოსთან“ მაშინდელი მატჩის მონაწილე ლუკა მოდრიჩი ისევ ჩემ განკარგულებაშია, რომლის ჩაწოდებითაც სერხიო რამოსმა ბოლო წუთზე ანგარიში გაათანაბრა. რაც შეეხება „ბორუსიასთან“ მოახლოებულ შეხვედრას, შემადგენლობაზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ძირითადში თამაშს ტიბო კურტუა დაიწყებს, რადგან ლუნინს ბოლო დღეებში ტემპერატურა ჰქონდა და თავს შეუძლოდ გრძნობდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ბლანკოსმა“ უკანასკნელად 1981 წელს „ლივერპულთან“ წააგო და მას შემდეგ ეს ტურნირი 8-ჯერ მოიგო. რაც შეეხებათ დორტმუნდელებს, მათ ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში თამაშის უფლება 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვეს და 2013 წელს „ბაიერნთან“ 1:2 დამარცხდნენ.