არჩილ ბერიძე: „კლუბს სხვა უხელმძღვანელებს, ჩემს საქციელს არ ვამართლებ“
„დინამო ბათუმის“ პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ის ფეხბურთს ორი წლით ჩამოაშორა.
„ვერდიქტი ცნობილია, გადაწყვეტილება მკაცრია და ეროვნულ ჩემპიონატზე ჩემს უფლებებს სხვას გადავაბარებ. ვის, ეს საკითხი ჯერ განიხილება. ვაღიარებ, რომ თავი ვერ შევიკავე. საფეხბურთო საქმიანობის აკრძალვა მძიმე ვერდიქტია, მაგრამ გადავაჭარბე და ჩემს საქციელს არც ადამიანურად და არც სპორტულად არ ვამართლებ. სადისციპლინო კომიტეტის განხილვაში ვმონაწილეობდი, მსაჯებთან ბოდიში მოვიხადე და ახლა იგივეს საჯაროდაც გავიმეორებ“, – ამბობს არჩილ ბერიძე.
ბერიძემ კომენტარი გააკეთა სპორტული დირექტორის, ლადო დვალიშვილის გადაგომაზეც: „სამწუხაროა, რომ ლადო დაემშვიდობა ბათუმის „დინამოს“, სადაც მოვიდა ფეხბურთელად, შემდეგ კი სპორტილი დირექტორი იყო და ამ პერიოდს უკავშირდება ჩვენი გუნდის ყველაზე წარმატებული ეტაპი. ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო. სპორტული დირექტორის მოვალეობა ასლან ბალაძემ შეითავსა, რომელიც გენერალური დირექტორია“.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ „დინამო ბათუმისა“ და „იბერია 1999“-ის მატჩის ოფიციალურ პირებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ერთ-ერთ ოფიციალურ პირს, კერძოდ არბიტრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, მატჩის მომსახურე ოფიციალურ პირებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.
წყარო: 1tv.ge