დორტმუნდის ბორუსია
Aa
Aa

2013 წლის ბორუსიას გმირები 11 წლის შემდეგ

დორტმუნდის „ბორუსიას“ წლევანდელი სეზონის ტრიუმფით დასრულებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს. „ყვითლებმა“ თერთმეტი წლის წინანდელი მიღწევა გაიმეორეს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც ხვალ მადრიდის „რეალს“ ხვდებიან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 2013 წელსაც „ბორუსიას“ მონაწილეობით ფინალი „უემბლის“ სტადიონზე შედგა და მაშინ იუპ ჰაინკესის „ბაიერნთან“ 1:2 დამარცხდა. იმ ფორმაციის გუნდიდან ამჟამად დორტმუნდელთა რიგებში მხოლოდ ორი ფეხბურთელი, მატს ჰუმელსი და მარკო როისი თამაშობს, დანარჩენი მოთამაშეებიდან კი ზოგმა კარიერა დაასრულა, ზოგი კი თამაშს კვლავაც განაგრძობს.

რომან ვაიდენფელერი (43 წლის)

კარიერის დამთავრების შემდეგ გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ ორგანიზებული სამენეჯერო კურსები გაიარა და ახლა „დორტმუნდის“ ელჩის თანამდებობაზეა დასაქმებული.

მატს ჰუმელსი (35 წლის)

ისევე როგორც თერთმეტი წლის წინ, წელსაც საჭირო დროს გადამწყვეტი სიტყვა თქვა და „პარი სენ-ჟერმენს“ ნახევარფინალში ფინალში გამსვლელი გოლი გაუტანა. თუმცა, ამის მიუხედავად, გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მის სამსახურზე უარი თქვა და ევროპის ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

ნევენ სუბოტიჩი (35 წლის)

საკუთარი ფონდი აქვს დაარსებული და უკვე 10 წელზე მეტია აღმოსავლეთ აფრიკაში მიუსაფარ ბავშვებს ეხმარება.

ლუკაშ პისჟეკი (38 წლის)

სამშობლოში ცხოვრობს, კარიერა ჯერ არ დაუსრულებია, სამოყვარულო დონეზე გამოდის და პოლონეთის მეოთხე დივიზიონის „გოცალკოვიცეს“ მოთამაშე-მწვრთნელია.

მარსელ შმელცერი (36 წლის)

დორტმუნდის „ბორუსიაშია“ დასაქმებული და 17-წლამდე გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.

ფელიპე სანტანა (38 წლის)

იანვარში, უკვე მესამედ და ალბათ საბოლოოდ, კარიერის დასრულება გადაწყვიტა და ინსტგრამზე საკუთარი ვლოგი გააკეთა.

კევინ გროსკროიცი (35 წლის)

პროფესიონალურ დონეზე თამაში 2021 წელს დაასრულა, ახლა კი სამოყვარულო ფეხბურთს გერმანიის მეექვსე ლიგაში თამაშობს.

ილქაი გიუნდოგანი (33 წლის)

შარშანდელ სეზონში „მანჩესტერ სიტიში“ შესრულებული ტრიპლეტის შემდეგ, წელს „ბარსელონაში“ უტიტულოდ დარჩა.

მარიო გიოტცე (31 წლის)

„პსვ ეინდჰოვენში“ კარიერის ერთგვარი გადატვირთვა მოახდინა და სამშობლოში დაბრუნდა, თუმცა ძველებურ ფორმას ჯერჯერობით ვერ იბრუნებს.

მარკო როისი (34 წლის)

წლევანდელი სეზონის დასრულებისთანავე კლუბს დატოვებს. ის „ბორუსიას“ ღირსებას თორმეტი წლის განმავლობაში იცავდა და 428 შეხვედრაში 170 გოლი გაიტანა.

სებასტიან კელი (44 წლის)

კლუბის სპორტული დირექტორია და დორტმუნდელთა წლევანდელი წარმატება სწორედ მის მიერ კარგად დაგეგმილი და განხორციელებული სატრანსფერო პოლიტიკის შედეგია.

სვენ ბენდერი (35 წლის)

ზამთარში ნური შაჰინთან ერთად, ედენ ტერზიჩის სამწვრთნელო შტაბში დაიწყო მუშაობა.

იაკუბ ბლასჟიკოვსკი (38 წლის)

საფეხბურთო კარიერა 2023 წელს დაასრულა, რის შემდეგ საქმიანობა ბიზნესში განაგრძო და ახლა კრაკოვის საფეხბურთო კლუბ „ვისლას“ თანამფლობელია.

იულიან შიბერი (35 წლის)

მედიაფეხბურთის ხშირი მონაწილეა და სოციალური ქსელის საშუალებით ხშირად საკუთარ ლექსებს აქვეყნებს.

რობერტ ლევანდოვსკი (35 წლის)

„ბაიერნის“ შემადგენლობაში ყველა რეკორდი მოხსნა და ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, „ბარსელონაში“ კი საქმე შედარებით რთულად არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები - უემბლი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება
უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომები - უემბლი ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება