სანიოლი რვა უცხოელს შორის - EURO 2024-ის მონაწილე გუნდების მწვრთნელები
14 ივნისს გერმანიაში სტარტს ევროპის რიგით მეთორმეტე საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს, სადაც კონტინენტის 24 საუკეთესო ქვეყნის ნაკრები ითამაშებს. საქართველოს ეროვნული გუნდის სახით ტურნირს ერთადერთი დებიუტანტი ჰყავს, რომელმაც ისტორიულ წარმატებას ფრანგი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით მიაღწია. „ბორდოსა“ და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა ჩვენი ქვეყნის გუნდთან ერთად არამარტო ქართული, არამედ ფრანგული ფეხბურთის ისტორიაც დაწერა - სანიოლი გახდა პირველი ფრანგი, რომელმაც უცხო ქვეყნის ნაკრები ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
ჩემპიონატის ოცდაოთხი მონაწილიდან რვას უცხოელი სპეციალისტი ამზადებს და ამ რვიდან ოთხი იტალიელია. უნგრეთის, ბელგიის, სლოვაკეთისა და თურქეთის ნაკრებ გუნდებს საგზური მარკო როსიმ, დომენიკო ტედესკომ, ფრანჩესკო კალცონამ და ვინჩენცო მონტელამ მოაპოვებინეს. ალბანეთს, ავსტრიას, საქართველოსა და პორტუგალიას კი, ბრაზილიელი სილვინიო, გერმანელი რალფ რანგნიკი, ფრანგი ვილი სანიოლი და ესპანელი რობერტო მარტინესი ამზადებს.
ამ სპეციალისტებიდან ოთხ მათგანს, სანიოლს, როსის, კალცონას და სილვინიოს სამწვრთნელო კარიერაში ჯერჯერობით არც ერთი ტიტული არ აქვთ მოგებული. ტედესკომ 2022 წელს „ლაიპციგს“ გერმანიის თასი მოაპოვებინა, მარტინესმა - 2013 წელს „უიგანს“ ინგლისის ასოციაციის თასი. რაც შეეხება მონტელას, ის 2016 წელს „მილანში“ მუშაობისას იტალიის სუპერ თასის მფლობელი გახდა, რანგნიკმა კი 2011 წელს „შალკეს“, ერთბაშად ორი ჯილდო, გერმანიის თასი და სუპერ თასი მოაგებინა.