ევრო 2024-ის ნაკრებების რეიტინგი | რომელ ადგილზეა საქართველო
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და Planet Football-მა მოახლოებული ტურნირის მონაწილე გუნდები სიძლიერის მიხედვით დაალაგა. The Independent-ისგან განსხვავებით, Planet Football-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ყველაზე სუსტი გუნდი არაა. „ჯვაროსნები“ ალბანეთს, პოლონეთსა და რუმინეთს უსწრებენ და 21-ე ადგილს იკავებენ.
„ყველა ტურნირს სჭირდება დებიუტანტი, რომელსაც სიტუაციის არევა შეუძლია და საქართველო ერთადერთი ნაკრებია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ჯვაროსნების მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა, გიორგი მამარდაშვილმა კი ვალენსიაში შთამბეჭდავად ითამაშა. თურქეთთან და ჩეხეთთან ელოდებათ შეხვედრები, რომელთა მოგებაც შეიძლება და შესაძლოა, ქართველები ჯგუფიდანაც გავიდნენ, მაგრამ ამაზე ყველაფერს ვერ ჩამოვალთ“, - წერს Planet Football-ი.
F ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მეტოქეები პორტუგალია, თურქეთი და ჩეხეთი არიან. Planet Football-ის რეიტინგში, პორტუგალია მეორე პოზიციას იკავებს, თურქეთი მე-18 გახლავთ, ხოლო ჩეხეთი მე-14 ადგილზეა. ტურნირის ფავორიტს რაც შეეხება, ცნობილი გამოცემის მიხედვით, ევროპის ჩემპიონატის მოგების ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთს აქვს, ინგლისი მესამეა, გერმანია - მეოთხე, იტალია - მეხუთე.
ცნობისთვის, 18 ივნისს, დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფოტო: nakrebi.ge