ბითაძე პანათინაიკოსისთვის პრიორიტეტული ვარიანტია
ზაფხულში ევროპის საკალათბურთო გრანდებისგან სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას ელიან და ბუნებრივია, ყურადღების ცენტრშია ევროლიგის გამარჯვებული „პანათინაიკოსი“, სადაც გადაბარგებას გოგა ბითაძეს უწინასწარმეტყველებენ. ათენის კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ 213 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე 24 წლის ქართველი კალათბურთელი მატიას ლესორის იდეალური შემცვლელი იქნება.
„პანათინაიკოსი“ თავდაპირველად „რეალის“ მოთამაშეებით, ედი ტავარესითა და ვენსან პუარეთი იყო დაინტერესებული, თუმცა პირველმა მათგანმა სამეფო კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია, მეორეს კი თურქეთის „ანადოლუ ეფესში“ გადასვლამდე ძალიან ცოტა აშორებს. ბითაძის კანდიდატურას ამ ეტაპზე უპირატესობა ენიჭება იმის გამო, რომ მას ევროლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. 2018-2019 წლების სეზონში გოგა „ბუდუჩნოსტში“ 19 წლის ასაკში, ორქულიანებს 59.7-პროცენტიანი, სამქულიანებს კი 31,2-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა და საშუალოდ, 12,1 ქულას, 6,4 მოხსნასა და 2,3 ბლოკ-შოტს აგროვებდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ ევროლიგის გათამაშებაში ბითაძეს კარიერის ყველაზე შედეგიანი შეხვედრა სწორად „პანათინაიკოსთან“ აქვს გამართული, როდესაც ის „ბუდუჩნოსტს“ 23 წუთში 16 ქულითა და 8 მოხსნით დაეხმარა. გოგას დამატების შემთხვევაში, ათენის კლუბი ალექსანდრ ბალჩეროვსკის გაუშვებს, რომელმაც ხელმძღვანელები იმედები ვერ გაამართლა და მას ევროლიგის დონის მოთამაშედ აღარ თვლიან.
„ორლანდოს“ შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების ცენტრმა გასულ სეზონში 62 მატჩი ჩაატარა. ბითაძე პარკეტზე საშუალოდ 15 წუთს ატარებდა და 5 ქულასთან ერთად, 5 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. „მეჯიქი“ NBA-ს გათამაშებას პლეი ოფში „კლივლენდ კავალიერსთან“ მარცხის შემდეგ დაემშვიდობა.