Eldesmarque: ბაიერნს მამარდაშვილის მიმართ ინტერესი კვლავ აქვს
გიორგი მამარდაშვილის ირგვლივ სატრანსფერო სიახლეები ყოველკვირეულად ვრცელდება. ამჯერად დაიწერა, რომ ქართველი მეკარის მიმართ ინტერესი მიუნხენის „ბაიერნმა“ განაახლა.
ესპანური eldesmarque-ს ცნობით, მამარდაშვილის შეძენას „ნიუკასლთან“ ერთად „ბაიერნიც“ გეგმავს.
„რეკორდმაისტერს“ მამარდაშვილის შეძენა შარშანაც სურდა, თუმცა გარიგება არ შედგა. „ბაიერნი“ 38 წლის ნოიერისთვის შემცვლელს ეძებს, რომელიც 36 წლის იან ზომერი ვერ იქნება. გერმანელებს ახალგაზრდა და პერსპექტიული მეკარე სურთ.
„გიორგი არის მეკარე, რომელსაც ბაიერნში შეუძლია ათწლეულები ითამაშოს. ვალენსიას მეკარეს სურს, რომ სადაც ის წავა, სათამაშო წუთები ჰქონდეს და ასევე გუნდი ევროპაში კონკურენტუნარიანი იყოს. და ბაიერნი მას ამას შესთავაზებს“.
- წერს ესპანური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ „ვალენსიამ“ „ნიუკასლის“ მიერ შეთავაზებული 25 მილიონიანი წინადადება დაბლოკა. „ღამურები“ ხვდებიან, რომ მამარდა გაცილებით მეტი ღირს. სავარაუდოდ ვაჭრობა 30+ მილიონი ევროდან დაიწყება.