110 მილიონი ევრო | პსჟ-მ შეთავაზება გაზარდა
„ნაპოლისა“ და პსჟ-ს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად პარიზელები ძალებს არ იშურებენ და როგორც ცოტა ხნის წინ დაიწერა, ფრანგულმა კლუბმა შეთავაზება გააუმჯობესა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, პსჟ-მ ნეაპოლელებს 110 მილიონი ევრო შესთავაზა
პარიზელთა თავდაპირველი შეთავაზება 80 მილიონი იყო, შემდეგ 100 და ახლა უკვე 110. ყველაფერი ნათელია - ლუის ენრიკეს გუნდს ხვიჩას დამატების დიდი სურვილი აქვს.
წყაროს ცნობით, დე ლაურენტისი ჯერჯერობით ამ შეთავაზებაზეც უარს ამბობს. მას კვარას შენარჩუნება სურს. მოიაზრება, რომ ხვიჩა ანტონიო კონტეს ახალი „ნაპოლის“ მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება.
რომაული გამოცემის ცნობით, „ნაპოლი“ აქტიურად ცდილობს, რომ კვარაცხელიას წარმომადგენლებთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიონ, თუმცა ფინანსური კუთხით ამის მოხერხება ჯერჯერობით საკმაოდ რთულად მოჩანს.
პსჟ ხვიჩას წლიურად 8 მილიონ ევროს სთავაზობს, „ნაპოლი“ კი მხოლოდ 4.5 მილიონსა და ბონუსებს.
მოლაპარაკებები გრძელდება და შესაძლოა ეს პროცესი იმაზე დიდ ხანს გაიწელოს, ვიდრე ამას მოელოდნენ. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ თითქოს შეთანხმება მაისის ბოლოსთვის მიღწეული იქნებოდა, მაგრამ არის შანსი ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გაირკვეს.