კვარას კიეზათი შეცვლის - კონტეს ნეაპოლური გეგმები
ხვიჩა კვარაცხელიას სავარაუდო შემცვლელებზე იტალიურ სპორტულ პრესაში იმდენად ხშირად იწერება, რომ სავარაუდოდ, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ „ნაპოლის“ დატოვებს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „პარტენოპეი“ მარცხენა ფლანგის გაძლიერების მიზნით, „ჯენოელი“ ალბერტ გუდმუნდსონისა და „სპორტინგელი“ პედრო გონსალვეშის ვარიანტებს განიხილავდა.
La Republicca-ის დღევანდელი ცნობით კი, ანტონიო კონტემ, რომელიც „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად უახლოეს მომავალში დაინიშნება, აურელიო დე ლაურენტისს უკვე მოსთხოვა, რომ კვარას წასვლის შემთხვევაში „იუვენტუსიდან“ ფედერიკო კიეზას გადაბირებაზე დაიწყოს მუშაობა. გარდა კიეზასი, კონტეს თავისი ყოფილი კლუბისგან ბრაზილიელი მოთამაშის, დანილოს დამატებაც სურს. ნეაპოლელთა ფორვარდი ჯაკომო რასპადორი კი, რომლის ტრანსფერითაც „ინტერი“ და „იუვენტუსი“ ინტერესდებიან, სწორედ ახალი მწვრთნელის მისვლას ელოდება, რათა გაარკვიოს, რამდენად ჯდება მის ტაქტიკურ სქემაში.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის წლევანდელი სეზონი 11 გოლითა და 6 საგოლე პასით დაამთავრა. კიეზამ კი „იუვენტუსის“ რიგებში თავი 9 ბურთითა და 2 ასისტით გამოიჩინა.