მე-4 მარცხი 116-ე შეხვედრაში - ნადალი უიმბლდონზე უარს იტყვის
როგორც თავად ჩოგბურთელისთვის, ასევე გულშემატკივრისთვის 2024 წელს უჩვეულო ფაქტი მოხდა - რაფაელ ნადალი როლან გაროსის გათამაშებას პირველივე წრეში, ალექსანდრ ზვერევთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. უჩვეულო იმიტომ, რომ 37 წლის ესპანელი ამ ტურნირის რეკორდსმენია და საფრანგეთის ღია პირველობა 14-ჯერ აქვს მოგებული. მთლიანობაში კი კარიერის მანძილზე როლან გაროსზე ჩატარებული 116 შეხვედრიდან 112 მოიგო და მხოლოდ 4-ჯერ დამარცხდა. წლევანდელ მარცხამდე, მას 2009 წელს მეოთხე წრეში შვედ რობინ სოდერლინგთან, 2015 წელს მეოთხედფინალში და 2021 წელს ნახევარფინალში კი, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ჰქონდა წაგებული.
როდესაც ზვერევთან მარცხის შემდეგ რაფას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰკითხეს, მან ნახევრადხუმრობით განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მისი სხეული ჯუნგლებს დაემსგავსა. არის დღეები, როდესაც იღვიძებს თითქოს გველმა უკბინა, ხან კი ვეფხვის ნაკბენს გრძნობს. ითამაშებს თუ არა უიმბლდონზე, ჯერ საბოლოოდ არ ჩამოყალიბებულა, რადგან რახან მისი მთავარი მიზანი ოლიმპიადაზე გამოსვლაა, ბალახზე თამაში და მერე თიხაზე დაბრუნება, ძალიან გაუჭირდება.
რაფაელ ნადალს კარიერის მანძილზე როლან გაროსზე 14-ჯერ გამარჯვების გარდა, ავსტრალიის ღია პირველობა 2-ჯერ (2009, 2022), უიმბლდონი 2-ჯერ (2008, 2010), ხოლო ამერიკის ღია პირველობა 4-ჯერ (2010, 2013, 2017, 2019) აქვს მოგებული. დიდი მუზარადის ტურნირებზე პირველ წრეში ასპარეზობა ლეგენდარულ ესპანელს აქამდე მხოლოდ ორჯერ, 2013 წლის უიმბლდონსა და 2016 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე ჰქონდა დასრულებული.