ჰაშეკმა უდისციპლინო ფეხბურთელები დააბრუნა
ჩეხეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ივან ჰაშეკის მიერ ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი შემადგენლობის გამოქვეყნებამ მის სამშობლოში სერიოზული რეზონანსი გამოიწვია. ბუნებრივია არსებობს სხვადასხვა მოსაზრება და ჩეხების დამრიგებელს კრიტიკოსებიც მოუმრავლდნენ, რომლებიც მას ნაკრებში იაკუბ ბრაბეცის, ტომაშ ცოუფალისა და იან კუხტას დაბრუნებას საყვედურობენ. გასული წლის ნოემბერში, მოლდოვასთან გასამართი შესარჩევი ეტაპის მატჩის წინა ღამეს ეს სამეული დისკოთეკაზე გასართობად წავიდა, რის გამოც მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იაროსლავ შიჰლავიმ სამივე მათგანი გუნდიდან მოკვეთა. თუ რატომ არიან ისინი ამჟამად სანაკრებო განაცხადში, ამაზე ჰაშეკს ასეთი პასუხი აქვს.
რა თქვა ჰაშეკმა
ვიცი მათ რაც დააშავეს და სიმართლე გითხრათ სამივეს არა, მაგრამ კუხტას ვესაუბრე და შევატყვე, რომ ის ამ ყველაფერს ნანობს და იმსახურებს კიდევ ერთ შანსს, რომ ეროვნული გუნდის ღირსების დაცვის საშუალება მივცეთ. დარწმუნებული ვარ ბრაბეცი და ცოუფალიც იგივეს გრძნობენ და გარდა ამისა, გასათვალისწინებელია მათი კვალიფიკაციაც - მერწმუნეთ, ამ ფეხბურთელების კლასი ჩეხეთის ნაკრებისთვის კონტინენტის პირველობაზე სარგებლის მომტანი იქნება.
საქართველოს ნაკრების მსგავსად, ჩეხებიც ავსტრიაში გეგმავენ მოსამზადებელი შეკრების გავლას. 7 და 10 ივნისს საკონტროლო შეხვედრებს მალტისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდებთან ჩაატარებენ. ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს ჰაშეკის მომზადებული გუნდი 18 ივნისს პორტუგალიასთან მატჩით დაიწყებს, რასაც ოთხ დღეში ქართველებთან შეხვედრა მოჰყვება, ბოლო ტურში კი 26 ივნისს, თურქებს დაუპირისპირდებიან.